დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ხელაია არ აკონკრეტებს შემთხვევებს, როდესაც დანიშნულ ელჩს ან კონსულს აგრემანის მიღების პრობლემა შეექმნა
ავტორი:
2014/მარტი/07 18:00:03
საქართველოს პარლამენტმა "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები 76 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი ხდება, მთავრობას დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართოს, თუკი ის აგრემანის მისაღებად დოკუმენტაციის გაგზავნიდან სამი თვის ვადაში, ადგილსამყოფელი ქვეყნიდან პასუხს არ მიიღებს. იგივე მოხდება კონსულების შემთხვევაშიც ეგზეკვატურის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნიდან სამი თვის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, მინისტრი უფლებამოსილი იქნება კონსული თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
"ცვლილება შეეხება სამი თვის ვადის განსაზღვრას იმ შემთხვევაში, როდესაც ელჩის ან გენერალური კონსულის დანიშვნის შემდგომ ხდება აგრემანის გაგზავნა ადგილსამყოფელ ქვეყანაში. ეს ვადა შევზღუდეთ სამი თვით, ანუ დავიტოვეთ დისკრეცია, შესაძლებლობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადის განმავლობაში არ ხდება შესაბამისი ადგილსამყოფელი ქვეყნიდან თანხმობის მიღება, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუძლია, ახალი კანდიდატურა წარადგინოს კონკრეტულ ქვეყანაში და თავისთავად ეს ხდება მისი გათავისუფლების საფუძველი. მოგეხსენებათ, რომ როდესაც ჩვენ ვნიშნავთ ელჩს, სანამ ის იღებს ხელფასს იმ პერიოდში, სანამ წავა გრძელვადიან როტაციაში, ანუ გახდება კონკრეტულ ქვეყანაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ან გენერალური კონსული. ანუ, ეს პერიოდი ის თვეების მანძილზე იღებს ხელფასს ისე, რომ სრულფასოვნად ვერ ასრულებს თავის ფუნქცია-მოვალეობას. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც, წინა ხელისუფლების პირობებშიც იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც თვეობით ხდებოდა დაგვიანება და საგარეო უწყებას ძალიან უხერხულ სიტუაციაში იწევდა ლოდინის პროცესი", - განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ პარლამენტის მიმდინარე კანონპროექტის განხილვებისას.
"ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა, კონკრეტულად რომელ შემთხვევაზე ან შემთხვევებზე საუბრობდა მინისტრის მოადგილე და რომელი ელჩის ან კონსულის დანიშვნისას შეიქმნა პრობლემა ადგილსამყოფელი ქვეყნიდან პასუხის მიღების თაობაზე, ასევე, დღეის მდგომარეობით, არის თუ არა დანიშნული რომელიმე მათგანი, ვისაც ადგილსამყოფელი ქვეყნიდან თანხმობა არ აქვს მიღებული და ვერ ასრულებს სრულფასოვნად თავის მოვალეობას, მაგრამ იღებს ხელფასს, თუმცა მინისტრის მოადგილე ფაქტების დასახელებისგან თავს იკავებს.
"ასეთი პრობლემა შეიძლება იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. კონკრეტულ შემთხვევებს მე ვერ დაგისახელებთ, ეს სხვა თემაა. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც მიღებულია აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში. კონკრეტული შემთხვევები არსებობს ასეთი და არის თემები, რომლებიც შეიძლება ხვალ დადგეს დღის წესრიგში და შემდეგ საპარლამენტო პროცედურებს ერთ დღეში ვერ გავატარებ", - განუცხადა ხელაიამ "ინტერპერსნიუსს".
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში ყოფილა შემთხვევა, როდესაც 8 თვეზე მეტხანს გაიწელა აგრიმნის მიღების პროცედურა. რაც შეეხება დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არსებულ ვითარებას, ხელაია ირწმუნება, რომ დიდი ხნით ნებართვის გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ყოფილა "ვადების ზედა ზღვართან მიახლოების" შემთხვევები.
ამასთან, ხელაია კატეგორიულად უარყოფს, რომ საკანონმდებლო ცვლილება რაიმენაირად კავშირშია გიორგი ბარამიასთან, რომლის სალონიკში გენერალურ კონსულად დანიშვნის პროცედურა, თითქმის ერთი წელია, შეჩერებულია. მინისტრის ბრძანება ბარამიას დანიშვნის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის 12 აპრილს არის ხელმოწერილი, თუმცა მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საბერძნეთში მცხოვრები ქართველების პროტესტი მოჰყვა და ბარამია თავის უფლებამოსილებას დღემდე ვერ ასრულებს.
"ამ ცვლილებას კანონში არანაირი კავშირი არ აქვს გია ბარამიასთან. ჩვენ კანონებს არ ვარგებთ კონკრეტულ პიროვნებს", - აღნიშნა ხელაიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილე საჭიროდ არ მიიჩნევს დაკონკრეტებას, სალონიკში შექმნილ სიტუაციას თუ არა, სხვა რომელ კონკრეტულ შემთხვევას გულისხმობდა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მსგავსი პრობლემა შეიძლება სამომავლოდ დადგეს და პრევენციაა საჭირო, თუმცა საყურადღებოა, რომ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.
შეგახსენებთ, რომ აგრემანის მიღებასთან დაკავშირებით თავის დროზე პრობლემა შეექმნა ასევე კონსტანტინე გამსახურდიას. 2010 წელს იგი პარლამენტმა, პრეზიდენტის წარდგინებით, კომუნიკაციებისა და მეტროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმოქმედ წარმომადგენლად დაამტკიცა, თუმცა თანხმობა ვერ მიიღო იმის გამო, რომ ამ ორ ორგანიზაციას, რომელიც ჟენევაში მდებარეობს, როგორც წესი, შვეიცარიის კონფედერაციაში აკრედიტებული ელჩი ფარავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია