დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიუნტერ ფერჰოიგენი – უკრაინის მოვლენები საქართველოსა და მოლდოვას ევროპული პერპექტივისთვის შესაძლოა ბიძგის მიმცემი გახდეს
ავტორი:
2014/მარტი/06 17:00:03
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის გიუნტერ ფერჰოიგენის განცხადებით, უკრაინაში შექმნილი ვითარება საქართველოსა და მოლდოვას ევროპული პერპექტივისთვის შესაძლოა ახალი ბიძგის მიმცემი გახდეს.
ამის შესახებ ფერჰოიგენმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ევროკომისარმა ლექცია წაიკითხა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარნიტორობის შექმნის შესახებ. ფერჰოიგენის თქმით, ევროკავშირს დიდი დრო დასჭირდა, სანამ მის მეზობელ ქვეყნებს ახალ პერსპექტივებს შესთავაზებდა და ამ საკითხში დიდი როლი ითამაშა პოლონეთმა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ინიციატორია. ყოფილმა ევროკომისარმა ასევე ისაუბრა, უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ, თუ როგორ შეიძლება იგი აისახოს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაზე.
"შექმნილი სიტუაცია მოლდოვასა და საქართველოსთვის საინტერესოა, ვინაიდან ევროკავშირს არ შეუძლია დაკარგოს ეს ორი ქვეყანაც, თუ უკრაინა დაკარგა. ეს ვითარება არის ფიქრის საფუძველი, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, რათა გადაწყვეტილებების მიღება გახდეს უფრო ეფექტური", - განაცხადა გიუნტერ ფერჰოიგენმა.
მისივე თქმით, ევროკავშირს შეუძლია შესთავაზოს საქართველოს უვიზო მიმოსვლის დაჩქარება ან გააკეთოს ღია განცხადება, იმის თაობაზე, რომ საქართველოს არამარტო შეუძლია, არამედ გახდება ევროკავშირის წევრი.
საჯარო ლექციას ილიას უნივერსიტეტში ესწრებოდა შერიგებისა და თანასწორობის საკითხში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.
"პროფესორ ფერჰოიგენს ჰქონდა ძალიან საინტერესო ლექცია. მან ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, თუ რა პერსპექტივები ჩნდება საქართველოსთვის და გვირჩია, რომ შექნილი ვითარების ფონზე ვეცადოთ კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები, დავაჩქაროთ კონკრეტული მახალისებელი მექანიზმის მიღება, რასაც ევროკავშირი გვპირდება, მაგალითად, ვიზის ლიბერალიზაცია. მისი აზრით, ევროკავშირიც უფრო მკვეთრი უნდა იყოს თავის პოლიტიკაში და საქართველოს მიანიჭოს დროში გაწერილი პერსპექტივა წევრობისა", - განაცხადა ციხელაშვილმა და დასძინა, რომ ასეთი რანგის პოლიტიკოსისგან მსგავსი გზავნილები საყურადღებაა.
ლექციის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და ყოფილი ევროკომისარი დვანში გაემართნენ, სადაც საოკუპაციო ხაზს ნახავენ და სავარაუდოდ, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 903
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია