დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კენჭისყრის დღეს მოსალოდნელი გაყალბებების აღსაკვეთად საარჩევნო კანონმდებლობას ახალი ნორმა ემატება
ავტორი:
2014/მარტი/06 09:30:02
არჩევნებისას, ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის და საარჩევნო სიაში მისი ფოტოსურათის შეუსაბამობის შემთხვევაში, პირს შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.
კენჭისყრის დღეს მოსალოდნელი გაყალბებების წინააღმდეგ საარჩევნო კანონმდებლობას ახალი ნორმა ემატება. საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ გააცნო. ხმალაძე მიიჩნევს, რომ შემუშავებული ნორმის შემოღება საკმარისი პრევენცია იქნება, რომ ~არავის წასცდეს ხელი სიყალბის ჩასადენად~.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სიაში ამომრჩევლის შემოწმებისას, პირი პირადობის დამადასტურებელ საბუთს წარადგენს და რეგისტრატორი სიაში მის ყოფნას ამოწმებს. "საარჩევნო კოდექსში~ დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, სიას ის ციფრული ფოტოსურათი ექნება დართული, რაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაშია. ამომრჩეველთა იდენტიფიცირების და მოსალოდნელი გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, ვახტანგხ ხმალაძე დღეს შემდეგ საკანონმდებლო წინადადება წარადგინა: - თუ გადამოწმების დროს დადასტურდა, რომ ამომრჩევლის მიერ წარდგენილ საბუთში დაფიქსირებული სარეგისტრაციო მონაცემები, გარდა ფოტოსურათისა, ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს შეესაბამება, მაგრამ საუბნო რეგისტრატორი, კომისიის სხვა წევრი და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი მიიჩნევს, რომ ამომრჩეველი და ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში დაფიქსირებული ფოტოსურათი ერთი მეორესთან შეუსაბამოა, რეგისტრატორი საუბნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს. თუ კომისიის თავმჯდომარე შეუსაბამობას დაადასტურებს, მისი განკარგულებით, ამ პირს საარჩევნო ბიულეტები არ მიეცემა. კომისიის თავმჯდომარის ეს განკარგულება, სადაც უნდა აღინიშნოს პირის სახელი, გვარი და საარჩევნო სიაში რიგითი ნომერი, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შეაქვს ჩანაწერთა წიგნში და თან დაერთვება პირის მიერ წარდგენილ საბუთის ფოტო-ასლი, რომელსაც კომისია გადაიღებს, ხოლო ეს პირი დაუყონებლივ წარედგინება პოლიციას ვინაობის დასადგენად. თუ კომისიის თავმჯდომარე შეუსაბამობას არ დაადასტურებს, ანუ მიიჩნევს, რომ ყველაფერი შესაბამისობაშია, მისი განკარგულებით, პირს საარჩევნო ბიულეტენი და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მიეცემა. თუ კომისიის თავმჯომარის ამ განკარგულებას არ დაეთანხმება კომისიის თუნდაც ერთი წევრი, განკარგულება საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ ჩანაწერთა წიგნში შეიტანება და ჩანაწერთა წიგნს დაერთვება პირის მიერ წარდგენილი საბუთის ფოტო-ასლი. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის თავმჯდომარისა და წევრების მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვევა, რომ პირი სიაში არსებულ ფოტოსურათს არ შეესაბამება, ხოლო თუ პოლიცია კენჭისყრის დასრულებამდე დაადგენს პირის ვინაობას და შეუსაბამობის არარსებობას, პოლიციის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რომელიც ჩანაწერთა წიგნს დაერთვება, პირს კენჭისყრაში მონაწილოების უფლება მიეცემა. იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია კანონით დადგენილი წესით დაადგენს შეუსაბამობის არსებობას და, შესაბამისად, ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობის მცდელობას, პირს ~სისხლის სამართლის კოდექსით~ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ამასთან, ყველა ეს მონაცემი საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა, თავის მხრივ საოლქო კომისია მონაცემებს სერვისების განვითარების სააგენტოს გადასცემს, რომელიც ვალდებული იქნება, შემდგომში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ყველა ასეთი შემთხვევა შეამოწმოს. თუ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პირმა კანონი დაარღვია, გამოიყენა სხვისი საბუთი, გაყალბებული საბუთი ან რაიმე მსგავსი დარღვევა ჩაიდინა, პირს სისხლის სამართლი კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ეს პასუხისმგებლობა თავისუფლების 2-წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
სესიაზე ხმალაძემ ვრცლად განმარტა, თუ როგორი ფოტოსურათი აისახება ამომრჩევეთა სიაში და რა კეთდება ამ მიმართულებით.
"ხშირად არის საუბარი იმაზე, , არის თუ არა ბიომეტრული სია ის, რასაც ჩვენ მოვითხოვდით, რა არის ბიომეტრული სურათი და ასე შემდეგ. ბიომეტრული სურათი ეს არის ჩვეულებრივი ფოტოსურათი, რომელიც დამუშავებულია სპეციალური კომპიუტერული პროგრამით, რომლის მეშვეობითაც დგინდება პირის პირისახის ე.წ. ბიომეტრული პარამეტრები. ამ ფოტოსურათის მეშვეობით დგინდება რამდენიმე ათეული პარამეტრი, მათ შორის თვალებს ცენტრებს შორის მანძილი, ყვრიმალებს შორის მანძილი, თავის სიმაღლე, სახის სიმაღლე, ცხვირის სიგრძე, ყურებს შორის მანძილი და ასე შემდეგ. ციფრული ფოტოსურათი, რომელიც ამ პროგრამით არის დამუშავებული იქცევა იმად, რასაც ბიომეტრული ფოტოსურათი ჰქვია. რამდენიმე წელია, რაც ჩვენ პასპორტის, პირადობის მოწმობის აღებისას ვიღებთ ფოტოსურათს, რომელსაც უწოდებენ ბიომეტრულ ფოტოსურათს, მაგრამ ეს არ არის ბიომეტრული ფოტოსურათი, ეს არის ჩვეულებრივი ციფრული ფოტოსურათი. ახლა, ამჟამად სამოქალაქო რეესტრის მიერ ყველა ფოტოსურათი, რაც არის მონაცემთა ბაზაში, გადაყვანილ იქნება ციფრულ ფორმატში. დაიწყო მათი დამუშავება იმისთვის, რომ ეს ფოტოსურათები ბიომეტრიულ ფოტოსურათებად იქცნენ, ანუ დადგინდეს ეს რამდენიმე ათეული პარამეტრი. ბიომეტრიული სია კი სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩეველთა ჩვეულებრივი სია, რომელიც აქამდე გვქონდა, დამატებული ეს ბიომეტრული ფოტოსურათი. სია, რომელიც ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე გვექნება, იქნება ბიომეტრიული", - განაცხადა ხმალაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 976
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია