დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო უწყება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის შემდეგ მიღებულ განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2014/მარტი/01 18:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის შემდეგ მიღებული ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 26 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობდნენ.
სხდომის შემდეგ გამართულ დისკუსიას, რომელიც ორმხრივ ურთიერთობათა გაღრმავების გზებს დაეთმო, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უძღვებოდნენ. სტრატეგიული პარტნიორობის კომისია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ფართო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს.
კომისიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფი მოქმედებს, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებზეა კონცენტრირებული. ესენია: დემოკრატია; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.
აღნიშნულ სხდომაზე, სამუშაო ჯგუფების თანათავმჯდომარეებმა კომისიის მიმდინარე წლის მიზნებზე იმსჯელეს და სამუშაო ჯგუფების სხდომების გრაფიკი განსაზღვრეს.
ამერიკის მხარემ საქართველოს დელეგაციას 2013 წელს გამჭვირვალე და ეფექტიანად ადმინისტრირებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, პარაფირება მიულოცა. აშშ-მ საქართველოს დახმარების გაზრდა აღუთქვა. გაზრდილი დახმარება ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, პირველ რიგში, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის კუთხით, ამასთან, საქართველოს იზოლაციისა და იმ პრობლემების დაძლევაში დაეხმარება, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრების გავლების (ბორდერიზაციის) პროცესი ქმნის.
ამერიკის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან, მილიტარიზაციასთან და ბორდერიზაციასთან დაკავშირებით და რუსეთის ფედერაციას "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
2014 წლის ივნისის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე საუბრისას, დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის წინასაარჩევო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში, სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული გარემოს შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ორივე მხარემ აღიარა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა და ის, რომ ჩადენილი გადაცდომებისთვის ხელისუფლების ჩინოვნიკების პასუხისგებაში მიცემა არ უნდა ხდებოდეს სამართლიანი სამართალწარმოების პრინციპის შელახვის ხარჯზე.
აშშ-ს მხარემ საქართველოს დელეგაციას ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის დაწყება მიულოცა. ამ გეგმის წარმატებულად განხორციელება - ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღებასთან და განხორციელებასთან ერთად - ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქის, მათ შორის უმცირესობათა წარმომადგენლების, სამართლებრივ დაცვას, დაეხმარება ქვეყანას საერთაშორისო სტანდარტების შესრულებასა და 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად აუცილებელი ორიენტირების მიღწევაში.
თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და თავდაცვის სფეროში საქართველოს უნიშვნელოვანეს მიღწევებზე იმსჯელეს. აშშ-ს მხარემ მხარი დაუჭირა თავდაცვის რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ შეძენილი გამოცდილების სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის გაზიარებას. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ნატო-სა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების თანათავსებადობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს საქართველოს ჩართვას ნატო-ს რეაგირების ძალებში. აშშ-ს მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს დელეგაციას ავღანეთში ნატო-ს აისაფ-ის მისიაში მონაწილეობისთვის. მოიწონა დაჭრილ ჯარისკაცებზე ზრუნვის მიზნით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს ამგვარი ძალისხმევის განხორციელებაში, მათ შორის, ქვეყნის შიგნით ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში.
აშშ-ის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა. მხარეებმა აღიარეს ჩრდილოეთის დისტრიბუციის ქსელის სავაჭრო-საინვესტიციო ქსელად გარდაქმნის პოტენციალი, რისი მიღწევაც ერთობლივი მუშაობის გზით იქნება შესაძლებელი.
ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მიმდინარე პროვიკაციული "ბორდერიზაციის" პროცესთან დაკავშირებით ზომიერი რეაქციის გამოხატვისთვის. ასევე, მხარი დაუჭირეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ურთიერთობების დამყარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. მხარეებმა ასევე აღნიშნეს საქართველოში სამუშაო ძალის განვითარების სფეროში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტით გათვალისწინებული მხარდაჭერა და მოიწონეს წლის ბოლოს კომპაქტის ამოქმედების მიზნით სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევა.
საქართველოს მთავრობა მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველო იმ ოც ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინოვაციისა და პარტნიორობის (STIP) პროექტს განახორციელებს, რაც აღნიშნულ სფეროებში საქართველოს შესაძლებობათა განვითარებას შეუწყობს ხელს.
USAID-ის ჯგუფი საქართველოში ჩამოვა და ქართველ კოლეგებთან ერთად STIP-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის დაჩქარების შესაძლებლობებს შეისწავლის. ჯანმრთელობის უსაფრთხოების გლობალური ინიციატივის ფარგლებში ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე საუბრისას, თანათავმჯდომარეებმა საქართველოსა და მთელს რეგიონში დაავადებათა გამოვლენის, კონტროლისა და რეაგირების სფეროში ჯანდაცვის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებზეც იმსჯელეს.
ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ეკონომიკური სტრატეგიის პროექტი "საქართველო 2020" განიხილეს. ამერიკის მხარემ საქართველოს დელეგაციას პროექტის დაუყოვნებლივ დამტკიცებისა და კერძო სექტორთან კონსულტაციების გზით მისი განხორციელებისკენ მოუწოდა. თანათავმჯდომარეებმა რეგიონში საქართველოს მზარდ ეკონომიკურ როლზეც იმსჯელეს და საქართველოს, როგორც რეგიონის სავაჭრო და სატრანსპორტო ცენტრის პოტენციალი, აღიარეს. ხაზგასმით აღინიშნა ინფრაქტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე რეგიონული თანამშრომლობისა და ჰარმონიზაციის ხელშეწყობის მნიშვნელობა რეგიონში არსებული მარეგულირებელი შეზღუდვების აღმოფხვრის კუთხით. თითოეული ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობათა არქიტექტურის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) ეგიდით მიმდინარეობს. ასევე, განიხილონ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაღრმავების, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა. აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, ჩვენ მზად ვართ გადავდგათ პრაქტიკული ნაბიჯები და ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები ეკონომიკური რეფორმებისა და კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობათა შესახებ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 963
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია