დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - მოქალაქე სააკაშვილი ბედავს და უკრაინის ტრაგედიაზე ცდილობს თავისი პიარის აგორებას
ავტორი:
2014/თებერვალი/27 10:00:02
ვიცე-პრემიერის, "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტრაგედიაზე საკუთარი "პიარის აგორებას" ცდილობს.
როგორც კალაძე საზოგადოებისადმი მიმართვაში აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, სიტუაციის მონიტორინგს საოკუპაციო ზონაში, ასევე უკრაინასა და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას.
"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერი, მოქალაქე სააკაშვილი ბედავს და უკრაინის ტრაგედიაზე ცდილობს თავისი პიარის აგორებას. სააკაშვილი, რომლის რეჟიმი ზუსტად იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავსად უარყო საკუთარმა ამომრჩეველმა _ მომხვეჭელობა, კანონის საკუთარ თავზე მორგება, სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი კომფორტის, კეთილდღეობის და დასვენების მოგვარება - ესაა სააკაშვილის და იანუკოვიჩის გუნდების საერთო ხელწერა და დანაშაული საკუთარი მოსახლეობის წინაშე. იმ ფონზე, როცა რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს და საერთაშორისო ნორმების დარღვევას, როგორც ყოველთვის, "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ჩვეული, ისტერიული განცხადებებით ცდილობს ყურადღების მიქცევას, წარმოშობილი პრობლემის გაღრმავებას და დესტრუქციას. "ნაციონალური მოძრაობის" თვითპიარზე ორიენტირებული გამოსვლები სასაცილოს ფაზიდან უკვე გადავიდა იდიოტიზმის და ქვეყნის პოლიტიკისთვის სახიფათო სტადიაზე. ამ პარტიის წარმომადგენელი, ბატონი ვაშაძე ბედავს და სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ჯარი არ დგას. მცოცავი ოკუპაციის ფონზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, სიტუაციის მონიტორინგს საოკუპაციო ზონაში, უკრაინასა და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას", - აღნიშნავს კალაძე მიმართვაში.
ამასთან, ვიცე-პრემიერის განმარტებით, მაშინ, როცა ამ ადამიანებს არჩევნების შემდეგ ჰქონდათ შანსი დაბრუნებოდნენ რეალობას, ბოლომდე გამარგინალდნენ, გახდნენ დესტრუქციულები და მთავრობასა და მოსახლეობასთან ურთიერთობის მხოლოდ დემაგოგიური, აგრესიული ტონი დაიტოვეს.
"მესმის, "ნაციონალების" ისტერიული მდგომარეობა ქვეყნის პრემიერის წარმატებული ვიზიტითაა განპირობებული, მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის ხელისუფლება ღიად გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ვიზიტი მიმდინარეობს ხაზგასმით წარმატებულად. შედეგები არის უკვე თავლსაჩინო და შორს მიმავალი", - აცხადებს ვიცე-პრემიერი.
გარდა ამისა, კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული პირების ოჯახებისთვის ბოდიშის მოხდისკენაც მოუწოდებს.
"მინდა მოვთხოვო "ნაციონალების" პარტიის ოფისს, გამობრძანდნენ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ იძულებით გადაადგილებულ პირის, ყველა იმ ოჯახს, რომლის წევრიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მავთულხლართების ორივე მხარეს ყოველდღიურად ოცნებობს ერთიან დეოკუპირებულ ქვეყანაზე", - განმარტავს კახა კალაძე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია