დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - მავთულხლართების გაბმა საერთაშორისო სამართლის ყველა ფუძემდებლური პრინციპის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა
ავტორი:
2014/თებერვალი/26 21:30:03
მავთულხლართი ადამიანებს შორის ნორმალურ ურთიერთობას ვერ გააჩერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა , რომელიც შიდა ქართლში, სოფელ ატოცში იმყოფება, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, მავთულხლართები ბევრ ქვეყანაში იბმებოდა, მაგრამ ის ყველგან დანგრეულა. "ასეთი მავთულხლართები იბმებოდა ბევრ ქვეყანაში, ბოლოს ეს იყო ბერლინის კედელი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი ტექნოლოგიებით იყო აგებული და ის ბეტონიც სრულიად კატასტროფულად დაამსხვრია ადამიანების კეთილმა ნებამ. დღეს კეთილი ნება არსებობს საქართველოში, როგორც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ისე ჩვენს თანამოქალაქეებში მავთულხლართების იქეთ და ვერ გააჩერებს მავთულხლართი ადამიანებს შორის ნორმალურ ურთიერთობას", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული პროცესების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი არ აჰყვება ემოციებს, რადგან მთავრობას სტრატეგიული მოთმინების კურსი აქვს აღებული.
"რეალურად, არანაირი საფრთხე, არანაირი დაძაბულობა არც ერთ მომენტში არ ყოფილა საქართველოს ხელისუფლებისგან. პირიქით, ჩვენ ბოლომდე ვცდილობთ, როგორც რუსეთის ფედერაციას, ისე მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ძირითადი ღირებულება, რაც საქართველოს გააჩნია, ესაა კეთილმეზობლობა. კეთილმეზობლობა, დაფუძნებული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე.
ჩვენ არჩეული გვაქვს სტრატეგიული მოთმინების კურსი და ეს მიგვიყვანს წარმატებამდე. საქართველოში ეს პრობლემა გადაწყდება, მეტი აღარასდროს წამოეგება პროვოკაციებს, არ დავუშვებთ ემოციურ და სპონტანურ ნაბიჯებს, რამდენიც არ უნდა გვტკიოდეს დიცი, დვანი, ატოცი და ძალიან გვტკივა, ეს ტკივილი გადატანილი იქნება არა ემოციებში, არამედ რაციონალურ ქმედებებში, ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ დასავლელ პარტნიორებთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულებაა, არა ჰუმანიტარული პრობლემები შეუქმნას ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას, არამედ შეუწყოს მათ ხელი, მოაგვარონ თავიანთი პრობლემები.
"მინდა მივმართო როგორც მსოფლიო თანამეგობრობას, ისე რუსეთს, რომ ის, რაც დღეს ხდება სოფელ ატოცში, არის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური დოკუმენტების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ესაა დანაშაული. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, გააცნონიერონ, რომ ჩვენ გვინდა კეთილმეზობლობა, ჩვენ გვინდა, რომ თითოეული ადამიანი იყოს დაცული, როგორც მავთულხლართებს აქეთ, ისე მავთულხლართებს იქით. დღეს შევხვდები თანამოქალაქეებს და შევეცედებით მათ მაქსიმალურად გავუადვილოთ ის ყოფა, რომელიც აქ არის. ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულებაა არა ჰუმანიტარული პრობლემები შეუქმნას ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას, არამედ შეუწყოს მათ ხელი, მოაგვარონ თავიანთი პრობლემები. მავთულხლართები არ არის გაბმული რაიმე სახელმწიფო სტრატეგიული მიზნით. მავთულხლართების ერთადერთი ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ ხალხი დააშოროს ერთმანეთს. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვართ კეთილმეზობლობისკენ ორიენტირებული ქვეყანა, ჩვენ შეგვიძლია მოთმინება, ჩვენ სტრატეგიული მოთმუნების კურსს ვადგავართ და ამავე დროს ამ კურსში გვყავს სტრატეგიული მოკავშირეები _ ჩვენ მათთან ერთად გადავწყვეტთ ამ პრობლემას", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისივე შეფასებით, მავთულხლართების გაბმა საერთაშორისო სამართლის ყველა ფუძემდებლური პრინციპის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
"აქ ჩამოვედი, რომ მხარში დავუდგე იმ ხალხს, ვინც პირდაპირ ზარალდება იმ ხელახალი, სრულიად უკანონო ქმედებებით, რასაც ახორციელებენ რუსი სამხედროები. მინდა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ვინც პატივს სცემს საერთასშორისო სამართალს, ჰუმანურობის პრინციპებს, რომ რაც დღეს ხდება და რისი განახლებაც მოხდა სოჭის ოლიმპიადის დამთავრების მეორე დღესვე, არის გაეროს ფუძემდებლური სულისკვეთების სრულ წინააღმდეგობაში, ეუთოს ჰელსინკის აქტის ძირითადი პუნქტების სრულ წინააღმდეგობაში. ნებისმიერ ასეთ კონფლიქტში ყველა პასუხისმგებლიანი ქვეყანა ვალდებულია არა თუ ხელოვნურად შექმნას ბარიერები ადამიანებს შორის, არამედ ხელი შეუწყოს კონფლიქტის დეესკალაციას და მშვიდობიან მოგვარებას. ესაა ის დოკუმენტები, რაზეც რუსეთის ფედერაციას ხელი აქვს მოწერილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია