დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საარჩევნო საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს
ავტორი:
2014/თებერვალი/19 12:30:03
სასტუმრო "რედისონში" კონფერენცია - "2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები" მიმდინარეობს.
კონფერენციას ესწრება სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროსაბჭოს დემოკრატიული მმართველობის კულტურისა და მრავალფეროვნების დეპარტამენტის დირექტორი კლაუდია ლუჩიანი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი სტენენ ჰაიკინი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ პარლამენტის და ცესკო-ს წევრები, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
როგორც კონფერენციის დაწყებამდე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, დღევანდელი კონფერენცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მოხდება საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილების გაზიარება.
"დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ მოვისმენთ იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო. რაც მთავარია, ცესკო და ექსპერტები გვეტყვიან, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო მაღალი დონის არჩევნები ჩავატაროთ მომავალში", - განაცხადა წულუკიანმა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, კონფერენციაზე ის ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო პრობლემებზე ისაუბრებს.
"ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ ფაქტიურად არაფერი გაითვალისწინა, ტყუილად შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი და არც ერთი საკითხი, რომელიც ამ ჯგუფში იქნა განხილული, არ გაიზიარა ხელისუფლებამ, მეტიც, ამ ჯგუფში განუხილავი საკითხი ყველასთან შეუთანხმებლად ამოიღო კოდექსიდან.
რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, იმის გამო, რომ "ქართულ ოცნებას" მთავარი ოპოზიციური ძალის შიში აქვს, დააკავეს დუშეთში პარტიის თავმჯდომარე, ასევე დააკავეს ჩვენი კანდიდატი ხონში. ფაქტობრივად, "ქართული ოცნება" გადასულია ტერორზე, ჩვენ არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას, ვაპირებთ ბრძოლას იმიტომ, რომ ვხედავთ, მათი პოზიციები სუსტდება და მათ ტყუილებს მოქალაქეები კარგად ხედავენ", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
წინასაარჩევნო გარემოზე საუბარს გეგმავს "დემოკრატიული მოძრაობის" ხელმძღვანელი ნინო ბურჯანაძე.
"ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის კონფერენციები, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ ადამიანებთან ერთად განვიხილოთ როგორც წინა არჩევნების შედეგები, ასევე მომავალი არჩევნებისთვის მზადების პროცესი. ბუნებრივია, ხაზს გავუსვამ იმ პრობლემებს, რომელიც არსებობდა როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ასევე რომელიც იარსებებს ახლა თვითმმართველობის არჩევნების დროს. ის რომ, დღეს ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ თუ საარჩევნო გარემო არ შეიცვალა, ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური და სამართლიანი, ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს იმას, რომ არც საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა იდეალური", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის საბჭო და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის შვეიცარიის კონფედერაციის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო. კონფერენციაზე მსჯელობა 4 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ექსპერტთა მიერ შეფასება და გამოწვევები და შესაძლებლობები.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1086
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია