დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - სახეზეა ჩვეულებრივი სამართლიანობის აღდგენის პროცესი და არა შერჩევითი სამართალი
ავტორი:
2014/თებერვალი/12 10:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპელი პარტნიორები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სახეზეა ჩვეულებრივი სამართლიანობის აღდგენის პროცესი და არა შერჩევითი სამართალი.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" საგარეო ურთიერთობებზე საუბრის კონტექსტში აღნიშნა, საგულისხმოა, რომ არც ერთი შეხვედრისას საქართველოს ხელისუფლებისა და მათ მიერ წარმოებული პოლიტიკის მიმართ რაიმე სახის კრიტიკა არ დაფიქსირებულა.
"არც ერთი შეხვედრისას არ დაფიქსირებულა რაიმე სახის კრიტიკული შეფასება ჩვენი ხელისუფლების მიმართ, იყო ეს ევროკავშირთან შეხვედრები, მიუნხენის შეხვედრები თუ ნატო-ს შეხვედრები", - განმარტა პრემიერმა.
მისივე თქმით, ვიზიტისას ერთ-ერთმა გამომსვლელმა თხოვა განემარტა და ინფორმაცია მიეწოდებინა იმ დაკავების შესახებ, რასაც საქართველოში გასული წელს ჰქონდა ადგილი.
"მე მათ განვუმარტე ძალიან მარტივად, რომ ის არასწორი განცდა, რაც ჩამოყალიბდა გასული წლის დასაწყისში განსაკუთრებით, ევროპაში და ამერიკაში, რაც იყო შედეგი "ნაციონალების" ლობისტური კომპანიების მუშაობისა, დეზინფორმაციული პოლიტიკისა, ეს განცდა უკვე მოხსნილია ევროპაში და ამერიკაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო აღმოჩენა, როდესაც ეს განცდა მე თვითონ ვნახე. მათ ძალიან კარგად იციან, რომ წინა ხელისუფლებამ საქართველოში 300 000 ადამიანი გაასამართლა და წინა ხელსუფლების დროს ადგილი ჰქონდა ისეთ მძიმე სისტემურ დანაშაულებს როგორიც იყო პატიმრების არაადამიანური მოპყრობა, მათი წამება, ტანჯვა, ძალიან ბევრი ადამიანი იქნა მოკული პირდაპირ და სწორედ ამ საქმეების გამოძიება მიმდინარეობს ამჟამად", - აღნიშნა პრემიერმა.
მან კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ფინანსური კაპიტალი დიდ ეჭვებსა და კითხვებს ბადებს.
"საიდან დააგროვა ამ ადამიანმა ბოლო 4-5 წელიწადში მილიარდნახევრიანი შემოსავალი, საიდან ჰქონდა მის კომპანიებს. დოკუმენტში წერია, რომ ის ფლობდა ძალიან სერიოზულ სტრატეგიულ აქტივებს საქართველოში. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2008 წელს ომის შემდეგ გადადგა, 2009 წელს დაიწყო ბიზნესსაქმაიანობა და დააგროვა ამხელა კაპიტალი. ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპელ პარტნიორებს ინფორმაცია უკვე აქვთ. პრემიერის შეფასებით, აქტიურად მუშაობენ საქართველოს ელჩები.
"თუნდაც ის ბოლო ვიდეო, რომელშიც ვანო მერაბიშვილი პირდაპირ უკვეთავს ორი ადამიანის ლიკვიდაციას, ეს ყველაფერი არის მათთვის თავზარდამცემი და ბუნებრივია, შოკისმომგვრელი. მათ შეხვედრის ბოლოს მადლობა გადამიხადეს, რომ განმარტებითი ინფორმაცია მიიღეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სახეზეა ჩვეულებრივი სამართლიანობის აღდგენის პროცესი და არა შერჩევითი სამართალი, როგორც ისინი წარმოაჩენენ", - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ კერისადმი ამერიკელი კონგრესმენის წერილსაც გამოეხმაურა და აღნიშნული ხელისუფლების წარმოებულ პოლიტიკას დაუკავშირა. პრემიერი აშშ-ს ხელმძღვანელობის მხრიდან, საქართველოს ახალი ხელისუფლების მხარდაჭერაზე საუბრობს.
"რა თქმა უნდა, ეს არის გაგრძელება და ერთგვარი შედეგი ჩვენს მიერ წარმოებული პოლიტიკის. ისინი ბუნებრივია აკვირდებიან და უყურებენ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკას და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს. ეს არის გარკვეული ლოგიკური შედეგი. გასულ წელს ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა. წელსაც იგეგმება შეხვედრები. ბუნებრივია, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობა ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი და ზოგადად, ისინი ამგვარი ჟესტებით, ამგვარი გადაწყვეტილებებით, კიდევ ერთხელ მხარს უჭერენ და ადასტურებენ მხარდაჭერას ჩვენდამი", - განაცხადა პრემიერმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 930
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია