დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის საიმიჯო პროექტი უნდა გახდეს
ავტორი:
2014/თებერვალი/11 14:30:02
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის საიმიჯო პროექტი ქართული ღვინო უნდა გახდეს. როგორც ღარიბაშვილმა "ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის" პრეზენტაციაზე განაცხადა, გვეძლევა საშუალება, ქართულ ღვინოს საკადრისი ადგილი დავუმკვიდროთ მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის.
"ჩვენ გვეძლევა საშუალება, ახლებურად წარმოვადგინოთ და საკადრისი ადგილი დავუმკვიდროთ ქართულ ღვინოს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით. შეიძლება ეს ძალიან ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ჩვენ ამის მიღწევა შეგვიძლია და გვაქვს შესაბამისი პოტენციალი. მჯერა, რომ მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ ღვინოებსაც კი გავუწევთ კონკურენციას, თუ სწორად ვიმუშავებთ. ღვინო ჩვენი ქვეყნის საიმიჯო პროექტი უნდა გახდეს და ამით თითოეულმა ქართველმა უნდა იამაყოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ქართულ ღვინოზე მოთხოვნა.
"2013 წელს ღვინის ექსპორტმა 46,8 მილიონი ბოთლი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსში, პოლონეთში, ლიტვაში, დიდ ბრიტანეთში, ჰონგ-კონგში, ნიდერლანდებში, ფინეთში, საფრანგეთსა და იაპონიაში. უკანასკნელ წლებში მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართულ ღვინოზე მოთხოვნა და სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე ჩინეთსა და აშშ-ში, ახალი ბაზრების ათვისებაზე", - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ვაზის გაშენებას თანამედროვე ტექნოლოგიური სქემებით გეგმავს.
"ჩვენ ვაპირებთ თანამედროვე ტექნოლოგიური სქემებით ვაზის გაშენებას იმისთვის, რომ ხარისხიანი ყურძენი მოვიყვანოთ. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და პოტენციალი. მთავრობა ასევე იზრუნებს იმაზე, რომ გლეხი არა მარტო მევენახე, არამედ ღვინის მწარმოებელიც იყოს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1198
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია