დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არასამთავრობო ორგანიზაციები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ
ავტორი:
2014/თებერვალი/06 16:30:03
არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიმართავენ და ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების მონიტორინგის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვას სთხოვენ.
დავით სერგეენკოს სახელზე გავრცელებულ მიმართვას, რომელსაც ხელს აწერს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია, "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების მონიტორინგის პროცესის დაწყების თაობაზე. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონიტორინგი მოიცავს ყველა ასეთ დაწესებულებას, მათ შორის, საპატრიარქოსთან არსებულ ბავშვთა სახლებსაც და მისი მიზანია დადგინდეს, რამდენად აკმაყოფილებს დაწესებულებები საქართველოში არსებულ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების მოთხოვნებს.
მიუხედავად შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმების არსებობისა და სახელმწიფოს ვალდებულებისა, ახორციელებდეს ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგს, საპატრიარქოსთან არსებული ბავშვთა სახლების მონიტორინგი არასოდეს განხორციელებულა. უფრო მეტიც, ამ ინსტიტუტის მონიტორინგის საშუალება საქართველოს სახალხო დამცველსაც არასოდეს მიეცა.
საერთაშორისო ორგანიზაცია DRI-ის მიერ 2013 წლის ბოლოს გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ბავშვთა სახლებში არსებულ მძიმე მდგომარებას აღწერს, ხაზს უსვამს საპატრიარქოს ბავშვთა სახლების სრული დახურულობის პრობლემას და უფლებათა დარღვევის იმ მაღალ რისკებზე მიუთითებს, რომელსაც შესაძლოა, აღნიშნულ სახლებში ჰქონდეს ადგილი. სახელმწიფოს კონტროლს მიღმა დარჩენილ დაწესებულებებში - საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში უფლებათა დარღვევის შემთხვევებს აღწერს სახალხო დამცველის 2011 წლის სპეციალური ანგარიში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ.
ზემოაღნიშნული რისკებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მონიტორინგის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის პირობებში განხორცილდეს, რაც შესაძლებელი იქნება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით ამ პროცესში. ამასთან, აუცილებელია მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც მიეცეთ, პროცესში ჩართვის ან დამოუკიდებელი მონიტორინგის ჩატარების გზით.
შესაბამისად მოგმართავთ თხოვნით, საპატრიარქოს ბავშვთა სახლების მონიტორინგის მთელ პროცესში, მათ შორის მისი დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე, უზრუნველყოთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობა მონიტორინგის ჯგუფების წევრების სახით ან უკიდურეს შემთხვევაში მოგვცეთ შესაძლებლობა, განვახორციელოთ სამინისტროს მიერ ჩატარებული მონიტორინგის პროცესზე დაკვირვება, მონიტორინგის შედეგად მოპოვებულ ემპირიულ მასალაზე სრული დაშვების და მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობის ეფექტიანი სამოქალაქო კონტროლის პირობებში.
ასევე, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, მონიტორინგი განხორციელდეს სხვა რელიგიური ორგანიზაციის მფარველობის ქვეშ არსებულ ბავშვთა სააღმზრდელო თუ პანსიონურ დაწესებულებაში, რათა სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ამ ინსტიტუციებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
ზემოაღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, წინამდებარე მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვითხოვთ, უზრუნველყოთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვა მონიტორინგის პროცესში. სახელმწიფოს მიერ შესაბამისი მზაობის გამოხატვისთანავე, მზად ვართ დავასახელეთ ჩვენი ნდობით აღჭურვილი კომპეტენტური ექსპერტები", - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ევრიჩაილდი", "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში", "პირველი ნაბიჯი საქართველო", საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, "პარტნიორობა ბავშვებისთვის", ფონდი "ბრეს საქართველო", კავშირი "საფარი", ქალთა საინფორმაციო ცენტრი, "წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი". მიმართვა ხელმოწერისთვის ღიაა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 846
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია