დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიომეტრიული საარჩევნო სიის ფორმირება ვერ ესწრება
ავტორი:
2014/თებერვალი/03 09:00:02
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიომეტრიული საარჩევნო სიის ფორმირება ვერ ესწრება. საარჩევნო კანონმდებლობაში რამდენიმე თვის წინ ჩაიდო სპეციალური მუხლი, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სია ბიომეტრიულ რეგისტრაცია გავლილი მოქალაქეებით უნდა ყოფილიყო ფორმირებული. კანონში დევს ის წესებიც, რომელთა მიხედვით, ბიომეტრიული სია უნდა შექმნილიყო, თუმცა, როგორც მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ხმალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დროისა და ფულის ფაქტორების გამო, მოახლოებული არჩევნებისთვის ბიომეტრიული სიის შექმნა ვერ ესწრება.
დეპუტატის ცნობით, ბიომეტრიის გამოყენებით არსებული სია "გაორებებისგან გაიწმინდება". "ბიომეტრიული სია იქნება, ოღონდ ამჯერად ვერ გაკეთდება ისე, რომ სიაში მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ შეყვანილი, ვინც პირადად გამოცხადდება და ახალ სურათს გადაიღებს. ამის გაკეთება სამწუხაროდ ვერ მოესწრო, მაგრამ გაკეთდება სხვანაირად. კერძოდ, მონაცემთა ბაზაში არსებული ყველა ფოტოსურათის გადაყვანა მოხდება ციფრულ ფორმატში, ანუ იქცევა ბიომეტრიულ ფოტოსურათად და პროგრამულად მოხდება თითოეული სურათის შედარება ყველა დანარჩენ ფოტოსურათთან. პროგრამა დაადგენს ისეთ სურათებს, რომელთაც ერთი მეორესთან არაფერი აქვს საერთო, ანუ დაადგენს იმას, რომ სხვადასხვა პირია. ასევე პროგრამა დაადგენს საეჭვო სურათებსაც, რომელიც შეიძლება იყოს ერთი და იმავე პირთა სურათები სხვადასხვა სახელითა და გვარით, ან სხვადასხვა მისამართით. ყველა ასეთი საეჭვო სურათი და საეჭვო მონაცემი ფიზიკურად გადამოწმდება - შემოწმდება თითოეული ეს პირი. შემოწმდება მისამართზე გასვლით, ამ პირთან კონტაქტით და ასეთნაირად გამოირიცხება სიიდან ე.წ. გაორებები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვახტანგ ხმალაძემ.
დეპუტატმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა ვერ იძლევა პასუხს იმაზე, პირი, რომელიც საარჩევნო სიაშია, მოცემული მომენტისთვის იმყოფება თუ არა საქართველოში და არის თუ არა აქტიური ამომრჩეველი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1086
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია