დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება მიიღო
ავტორი:
2014/იანვარი/23 21:00:02
საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კიდევ ერთი განცხადება მიიღო. განცხადებაში, რომელიც პარლამენტმა 118 ხმით, ერთხმად მიიღო, ნათქვამია, რომ რუსეთი ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმის იძულების გზით, ვერც უკრაინას და ვერც საქართველოს შეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს.
"საქართველოს პარლამენტი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო, რამაც ადამიანების დაღუპვა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ უკრაინელ ხალხს.
საქართველოს პარლამენტი გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებასა და ვითარების ესკალაციას, რამაც შესაძლებელია ქვეყანა ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს.
საქართველოს პარლამენტი იზიარებს ევროპის კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განცხადების სულისკვეთებას და მიაჩნია, რომ ძალის გამოყენება და დაძაბულობის ზრდა ქვეყანას ვერ გამოიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან.
ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, მხოლოდ დიალოგის გზით მონახონ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. ამ პროცესში უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ღონე უნდა იხმაროს შექმნილი კრიზისის დაძლევის მიზნით ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგის დაწყებისათვის და ვითარების განმუხტვისათვის.
საქართველოს პარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელი ხალხის მისწრაფებას, გახდეს თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და დარწმუნებულია, რომ რუსეთი ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმის იძულების გზით, ვერც უკრაინას და ვერც საქართველოს ვერ შეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1099
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია