დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკრებულოს სარევიზიო კომისია - გლდანი-ნაძალადევის გამგეობის შემოწმების შედეგად, ფინანსური დარღვევები გამოვლინდა
ავტორი:
2014/იანვარი/18 11:30:03
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძემ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის შემოწმების შედეგები წარადგინა.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შემოწმების შედეგად, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის ფინანსურ საქმიანობაში კონკრეტული დარღვევები გამოვლინდა.
მისივე განმარტებით, შემოწმების შედეგები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნება.
"საკვლევი პერიოდი მოიცავს 2012 წელს. გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის საქმიანობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:
1. 2012 წელს გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ ბინის ქირის სახით 83 მოქალაქეზე გადახდილი იქნა 152 970ლარის ოდენობის კომპენსაცია. ეს თანხა გამოყოფილი იყო დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით (ბინის ქირის ასანაზღაურებელი კომპენსაცია). თუმცა 43 მოქალაქეზე გაცემული 82 470 ლარის კომპენსაცია კანონთან შესაბამისობაში არ არის, ანუ შესაბამისად, გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ 2012 წელს სოციალური დაცვის ხარჯების მუხლიდან ეს თანხები კანონდარღვევით არის გაცემული.
2. სპორტული მოედნების კოორდინატორების წახალისებისთვის გახარულია 31 500 ლარი. აღსანიშნავია, რომ სპორტული მოედნების კოორდინატორებთან არ არის გაფორმებული ხელშეკრულებები, შესაბამისად, კოორდინატორებს რაიმე ვალდებულებები არ უფიქსირდებათ.
3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში გამგეობასა და ამხანაგობებს შორის ხელშეკრულების დადების მომენტში სამუშაოების შესრულება დამთავრებული იყო, რაც დასტურდება მიღება–ჩაბარების აქტით. ასევე დადგენილების გამოტანის მომენტში ამხანაგობების მიერ ბანკში უკვე შეტანილი იყო ავანსის სახით გადასახდელი თანხა, ხელშეკრულებებზე თარიღები არის გადაკეთებული. არსებობდა გამგეობის მიერ გამოცემული დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, რაც გამგეობის მხრიდან უგულებელყოფილია. ასევე არის შემთხვევები, როდესაც მიღება–ჩაბარების აქტი და ხელშეკრულებები საერთოდ არ არის დათარიღებული, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს მოხდა თუ არა შესრულებული სამუშაოების ჩაბარება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
4. გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის შემთხვევაშიც, ისევე, როგორც ვაკე–საბურთალოს რაიონში, სადარბაზოებში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟებისთვის ხელშეკრულებები გაფორმებულია მხოლოდ ერთ მომსახურე ორგანიზაციასთან, შპს "თბილისი გრუპთან".
5. გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამით მონაწილეობის ფარგლებში სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზედმეტად იქნა გადახდილი 3632.17 ლარი.
6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში ლიფტების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის ქ. თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2009 წელს გააფორმა მრავალწლიანი ხელშეკრულება შპს "იავირთან" და ეს ხელშეკრულება მოიცავდა 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. ხელშეკრულება 2012 წლისათვის გადაცემული იქნა მესამე პირებზე ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და მათ შორის გლდანი–ნაძალადევის რაიონზე. პროგრამის შესრულებისათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან სახსრების მოზიდვის მიზნით ფინანსთა მინისტრის მოადგილის, პაპუნა პეტრიაშვილის მიერ 2012 წლის 6 თებერვალს დაშვებული იქნა ნებართვა ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან უპროცენტო სესხის გაცემაზე. ამ გადაწყვეტილებით საბიუჯეტო სახსრების სესხად გაცემის შემთხვევაში უკონტროლოდ რჩებოდა ამ სახსრების ადგილობრივ ბიუჯეტში დაბრუნების საკითხი, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2012 წლის თებერვალში მოხდა თბილისის რაიონების გამგეობების დაშლა უფრო მრავალ ერთეულებად და სესხების დაბრუნებაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ფაქტობრივად აღარ რჩებოდა", - განაცხადა მიხეილ ქავთარაძემ.
ამასთან, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თქმით, იმას, რომ აღნიშნულ სესხებზე კონტროლი არ არის განხორციელებული ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გლდანი–ნაძალადების რიაონის გამგეობის მიერ 2012 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 72 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაზე სესხის სახით 4 წლის ვადით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემული დავალიანების ნაცვლად დაფარული იქნა მხოლოდ 10 655 ლარი.
"ანუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ პირველ წელს ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი იქნა 86 266 ლარით ნაკლები. ამიტომ ეს საკითხი ქალაქის მასშტაბით დამატებით შემოწმებას მოითხოვს", - განაცხადა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 890
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია