დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ალასანია დიდი ბრიტანეთის დელეგაციას შეხვდა
ავტორი:
2014/იანვარი/13 17:30:03
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია დიდი ბრიტანეთის დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი სამეთაურო-საშტაბო კურსის მონაწილე 20-მდე ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირებს ირაკლი ალასანიამ თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
საერთაშორისო კურსის 50 მსმენელს მინისტრი საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორობასა და გამოწვევებზე ესაუბრა.
"ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყანაზე, გეოპოლიტიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით. მათი ინტერესი ძალიან მაღალია. დარწმუნებული ვარ, ისინი საქართველოში დიდ და მყარ პარტნიორს ხედავენ. მომავალში ასეთი ვიზიტები კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ყველა ქვეყანასთან", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მაღალი დონის სამეთაურო კურსის მონაწილეებთან სიტყვით გამოსვლისას, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების პრიორიტეტებსა და მიმდინარე წლის გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი კი, სტუმრებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში საქართველოს წვლილსა და 2014 წლის ნატო-ს სამიტზე ესაუბრა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო კურსის მსმენელები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრებიან. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან, უსაფრთხოების საკითხებში მომუშავე ქართველ ექსპერტებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია