დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე – საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით გერმანულმა მხარემ საქართველოს სპეციალური კომისიის შექმნა შესთავაზა
ავტორი:
2014/იანვარი/10 15:00:03
საყდრისის ოქროს საბადოსთან დაკავშირებით გერმანულმა მხარემ საქართველოს სპეციალური კომისიის შექმნა შესთავაზა, რომელშიც გერმანელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე: იყო თუ არა საუბარი დღეს მთავრობის სხდომაზე საყდრისის ისტორიულ ოქროს საბადოსთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ საყდრისი არის ერთ-ერთი საინტერესო თემა, რომელზეც მთავრობის სხდომაზე არ უმსჯელიათ. თუმცა, ფიქრობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა უნდა გაიმართოს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 9 დეკემბერს ბერლინში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბერლინში შეხვედრა საყდრისს არ უკავშირდებოდა, არამედ კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ამ შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად საყდრისის თემაზეც ისაუბრეს.
"9 დეკემბერს ბერლინში შეხვედრა საყდრისს არ უკავშირდებოდა. საქართველოს გერმანიასთან აქვს კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება. სწორედ ამ ფორმატის შეხვედრა იყო ბერლინში 9 დეკემბერს, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ეს იყო დიდი ხნით ადრე დაგეგმილი კონსულტაციები, რომელზეც სწორედ ამ ხელშეკრულების განახლება უნდა მომხდარიყო. ეს ხელშეკრულება მრავალი წელია საქართველოს გერმანიასთან აკავშირებს. იგი მიმოიხილავს არა ერთ კონკრეტულ თემას, არამედ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რომელსაც კულტურა მოიცავს.
ამ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანიის მხარე ინტერესით ადევნებს თვალყურს საყდრისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და გვთავაზობს მისი ექსპერტების ჩართვას, თუკი იქნება კომისია, რომელიც შეისწავლის საყდრისის თემას. არანაირი გადაწყვეტილება საყდრისის საკითხზე არ ყოფილა. ეს არის შემოთავაზება გერმანელების მხრიდან, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ გერმანელმა ექსპერტებმა. ეს ძალიან ბუნებრივია მათი მხრიდან, რადგან გერმანია ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან სწორედ არქეოლოგიურ პორექტებში. ეს ურთიერთობა უკვე 20 წელზე მეტია გრძელდება. აქედან გამომდინარე, მათი ინტერესი და მონაწილეობა არის სრულიად გასაგები", _ დასძინა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის ის უწყება, რომელმაც ეს კომისია უნდა დააკომპლექტოს. როგორც მისთვის არის ცნობილი, კულტურის სამინისტროსთან ერთად მეცნიერებათა აკადემია მუშაობს ამ საკითხზე.
საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს ტერიტორიაზე 7 იანვარს კომპანია "RMG გოლდის" ტექნიკა შევიდა. მეცნიერთა, საზოგადოების წარმომადგენელთა და სტუდენტთა ნაწილმა ეს ფაქტი დღეს აქციებით გააპროტესტა. ისინი ძეგლზე ვანდალიზმის შეწყვეტას და ძეგლის სტატუსის აღდგენას ითხოვენ. საყდრისში 2006 წლიდან ქართველ სპეციალისტებთან ერთად არქეოლოგიურ გათხრებს გერმანელი სპეციალისტებიც აწარმოებდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ძეგლი 5 ათასი წლისაა. თუმცა, კომპანია "RMG გოლდის" ხელმძღვანელობა არ მიიჩნევს მას ისტორიული ღირებულების ძეგლად და სურს იქ ოქროს მოპოვების სამუშაოები აწარმოოს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 976
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია