დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2013/დეკემბერი/30 18:30:03
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, ვეხმაურებით ვანო ჩხარტიშვილისა და მისი წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლებშიც ვანო ჩხარტიშვილი ცდილობს მორიგ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.
სამწუხაროდ, ჩვენს ოჯახს, ბადრის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ ისევ უწევს ბრძოლა ბადრის ქონების მიმტაცებლების წინააღმდეგ. სასამართლო პროცესები ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ დასავლეთის სასამართლოებში წარმოადგენს ამ ბრძოლის ნაწილს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთ სასამართლოში, ლონდონში, მოგვეყარა თავი სხვადასხვა აქტივის შესახებ საჩივრებისათვის. ვანოს წინააღმდეგობის მიუხედავად, ლონდონის სასამართლო დაგვეთანხმა და პირველი ჩვენი გამარჯვების შემდეგ ვანო ჩხარტიშვილს დაეკისრა ჩვენი ოჯახისათვის მნიშვნელოვანი სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
ჩვენს მიერ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოდან სარჩელის გამოწვევა, რომლის შესახებაც დიდი ზარ-ზეიმით ამცნო ვანო ჩხარტიშვილმა ქართულ საზოგადოებას, ემსახურება ჩვენს მიზანს გავაერთიანოთ ყველა სარჩელი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ერთ სასამართლოში, ლონდონში. ბადრის აქტივების ვანოს ხელში გადასვლის ყველა ეპიზოდის ერთი მოსამართლის წინაშე მოსმენა გამორიცხავს ვანო ჩხარტიშვილის მიერ შეუსაბამო და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების მიცემას სხვადასხვა სასამართლოებში.
რომ არა ვანო ჩხარტიშვილის მცდარი განცხადებება, რომ ჩვენმა ოჯახმა ყველა საქმე შეწყვიტა მის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვაპირებდით ლონდონის სასამართლოში მიღწეული წარმატების საზოგადოებისათვის გაცნობას. ჩვენ არც მომავალში ვაპირებთ საზოგადოების შეწუხებას ლონდონის სასამართლოს ყოველი ნიუანსით და დაველოდებით საბოლოო განაჩენს ლონდონის სასამართლოდან. იგივეს ვურჩევთ ვანო ჩხარტიშვილსაც.
ჩვენ ასევე ვთხოვეთ საქართველოს პროკურატურას, გამოიძიოს, თუ როგორ მოხვდა ბადრის კომპანიებზე გაფორმებული აქტივები ვანო ჩხარტიშვილის ხელში, ბადრის გარდაცვალებიდან რამოდენიმე კვირაში. პროკურატურას გააჩნია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ბადრის სიცოცხლეში აქტიურად მონაწილეობდნენ ამ აქტივების მართვაში. მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ვანო ჩხარტიშვილის მთავარი მოწმე არის საყოველთაოდ აღიარებული თაღლითი ჯოზეფ კეი, რომელიც თავად არის მხილებული სხვადასხვა სასამართლოს მიერ, ბადრის აქტივების ქურდობის მცდელობებში.
ჩვენი ოჯახი აგრძელებს სასასამრთლო დავებს ვანო ჩხარტიშვილის, ჯოზეფ კეისა და იმ სხვა პირების წინააღმდეგ რომლების უკანონოდ დაეპატრონენ ბადრის ქონებას. ჩვენ გვჯერა რომ ისევე როგორც ჯოზეფ კეის შემთხვევაში, ლონდონის სასამართლო ეხლაც ნათელს მოფენს ვანო ჩხარტიშვილის ნამდვილ ბიზნეს ურთიერთობას ბადრისთან. ურთიერთობას, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის მტკიცებით თურმე შემოიფარგლებოდა მხოლოდ ერთი პატარა წისქვილით ფოთში, რომელიც ვანო ჩხარტიშვილს ბადრის სიკვდილის შემდეგ წაართვეს. ვანო ჩხარტიშვილის მტკიცებით სხვა საერთო ბიზნეს პროექტი მას ბადრისთან არ ქონია.
ჩვენს ოჯახს სურს, რომ ეს განცხადება იყოს ბოლო ვანო ჩხარტიშვილთან მიმართებაში, ლონდონის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე", - ნათქვამია განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია