დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საია დეპუტატებს მოუწოდებს, მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატთა წარდგენისას პროცედურა დაიცვან
ავტორი:
2013/დეკემბერი/27 12:30:03
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, კანონის ოპერატიული მოთხოვნაა, რომ პარლამენტს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში ზუსტად იმდენი კანდიდატი წარედგინოს, რამდენიც შესაბამისი სუბიეტებისთვის კანონით არის გამოყოფილი.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში ცხრა კანდიდატის ნაცვლად, პარლამენტისთვის დასამტკიცებლად ექვსი კანდიდატის წარდგენის ფაქტს საია სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
ორგანიზაცია საპარლამენტო უმრავლესობასა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, დაიცვან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატთა წარდგენისათვის კანონით გათვალისწინებული პროცედურა და მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, კანონით დადგენილ ვადებში, პარლამენტს ასარჩევად წარუდგინონ მეურვეობის კანდიდატები, მათთვის კანონით გამოყოფილი კვოტების შესაბამისი ოდენობით.
"როგორც ცნობილი გახდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის 10 დღიანი მუშაობის შედეგად შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან, კანონით დადგენილ 3 დღიან ვადაში, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა 6 კანდიდატი, ნაცვლად 9 კანდიდატისა.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ასარჩევად.
აღსანიშნავია, რომ ზემოთჩამოთვლილი სუბიექტების ვალდებულებაა და არა უფლება, რომ საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ პირთაგან წარადგინონ მათთვის კანონით გამოყოფილი კვოტების შესაბამისი რაოდენობის კანდიდატურები. იმ შემთხვევაში თუ, საქართველოს პარლამენტი არ აირჩევს წარდგენილ კანდიდატს, შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, ხელახლა წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატი საკონკურსო კომისიის სიიდან. კონკურსის ფარგლებში მეურვეობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა სამჯერ დაიშვება.
გვსურს ხაზი გავუსვათ კანონის იმ მნიშვნელოვან იმპერატიულ მოთხოვნას, რომ თითოეულმა სუბიექტმა (სახალხო დამცველი, უმრავლესობა, უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო) საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარუდგინოს, საკონკურსო კომისიის სიით გათვალისწინებულთაგან, ზუსტად იმდენი კანდიდატი, რამდენიც მათთვის კვოტით არის გამოყოფილი. შესაბამისი სუბიექტები, კონკურსის არცერთ ეტაპზე არ არიან უფლებამოსილნი, უარი განაცხადონ კანდიდატების პარლამენტისათვის წარდგენაზე. ის სუბიექტები, რომლებმაც პარლამენტს ასარჩევად უნდა წარუდგინონ 3 კანდიდატი, მაგრამ წარადგენენ მხოლოდ ერთს ან ორს, არღვევენ კანონის მოთხოვნებს.
აღნიშნული წესის დაუცველობა წინააღმდეგობაში მოდის და არღვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების მთავარ პრინციპს - მეურვეობის კანდიდატთა წარდგენაზე უფლებამოსილი სუბიექტების არჩევანის შეზღუდვა საზოგადოებრივი კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებით" - აცხადებს საია.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. ახალი სამეურვეო საბჭო ცხრა წევრით უნდა დაკომპლექტდეს, თუმცა პირველ ეტაპზე, საბჭოს განახლებულ შემადგენლობაში სამი ვაკანსია იქნება.
კანონის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან უმრავლესობა სამ კანდიდატს ირჩევს, თუმცა მმართველმა გუნდმა დღეს პარლამენტს დასამტკიცებლად მხოლოდ ერთი - ნათელა სახოკიას კანდიდატურა წარუდგინა. ასევე სამი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციას, მათი მხრიდან კი დასახელებულია მხოლოდ ორი - ქეთევან მსხილაძისა და ნინია კაკაბაძის კანდიდატურები. გარდა ამისა, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან საქართველოს პარლამენტს ორს სახალხო დამცველი წარუდგენს, რომლის მხრიდანაც მარინე მუსხელიშვილისა და ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურები დასახელდა. ერთს წარადგენს აჭარის უმაღლესი საბჭო და მისი მხრიდან გენადი გელაძის კანდუდატურაა შერჩეული.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 927
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია