დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახალ პროექტს იწყებს
ავტორი:
2013/დეკემბერი/26 20:30:02
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახალ პროექტს იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, "სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი", რომლის მიზანია დაბალი ეკონომიკური აქტივობის რაიონებში ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა ან ძველი უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაცია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
პროექტის პრეზენტაციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ "სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.
,,ხელისუფლება სისტემურად ახორციელებს ისეთი ტიპის ცვლილებებს, რომელმაც გლეხებსა და ფერმერებს, სოფლის მეურნეობის დარგში ჩართულ მეწარმეებს მეტი სტიმული უნდა მისცეს. სოფლის მეურნეობის განვითარებამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს. 2013 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დასახული მიზნის მისაღწევად არაერთი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდა. ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" საშუალებით, ჩვენ შევძელით გლეხების, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ფინანსური რესურსი. ახალი "სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტიც" ხელს შეუწყობს სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის გააქტიურებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. იმედი გვაქვს, რომ ეს ახალი პროექტიც წარმატებული იქნება. პროექტის ხელშეწყობით ახალი საწარმოები შექმნება, რაც ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის ზრდას განაპირობებს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.
ღონისძიებას დაესწრნენ "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში" ჩართული საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ფონდების, ასოციაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები.
როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, ფინანსურ დახმარებას მიიღებენ კომპანიები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებიც დაინტერესებული არიან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების ამუშავებით.
მისი ინფორმაციით, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს შეღავათიან გრძელვადიან საბანკო კრედიტს ან ლიზინგს და თანადაფინანსებას.
სამინისტროს ცნობით, პროექტში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ბიზნეს წინადადებით, რომელსაც სააგენტო განიხილავს დადგენილი კრიტერიუმებისა და პროექტის მიზნების გათვალისწინებით. შერჩეული წინადადებებით, საკონსულტაციო კომპანიები და პოტენციური ბენეფიციარები მოამზადებენ ბიზნესგეგმას "საგრანტო კომიტეტთან" წარსადგენად, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მეწარმე მიიღებს ფინანსურ დახმარებას.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაფინანსებული პროექტის მთლიანი მოცულობა 200 000 - 1 000 000 აშშ დოლარამდე განისაზღვრა. ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეობა პროექტის ღირებულების მინიმუმ 10 % - ს უნდა შეადგენდეს, ხოლო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა - 40 % –ს, დანარჩენ 50%-ს ბენეფიციარი საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებს.
დამტკიცებული სესხით მეწარმეს მანქანა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, შენობა–ნაგებობების შეძენა, სარემონტო სამუშაოების წარმოება და საწარმოო ფართის მშენებლობა შეეძლება.
პროექტის ფარგლებში დადგენილია აგროკრედიტის/ლიზინგის პირობები. ლიზინგი მოიცავს პროექტის ღირებულების მაქსიმუმ 50% - ს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ, წლიური საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსება კი შეადგეს 12%–ს.
პროექტის ფარგლებში ვერ დაფინანსდება: მეღვინეობა, სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ხორბლის ფქვილის წარმოება.
პროექტის მიხედვით მეწარმისთვის საბანკო სესხის გადახდის გამარტივების და საწარმოსათვის ხარჯების შემცირების მიზნით, პროექტით დადგენილია მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომლის ძირითად ნაწილს იხდის სააგენტო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 927
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია