დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - ლოგიკურად ვმსჯელობ და ვამბობ, რომ შესაძლოა, პროკურატურამ უგულავას მიმართ საპატიმრო ღონისძიება მოითხოვოს
ავტორი:
2013/დეკემბერი/20 10:30:05
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ოპოზიციონერი კოლეგის, გიორგი გაბაშვილის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ თბილისის მერის , გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე პოლიტიკურ გუნდსა და პროკურატურას შორის არავითარი შეთანხმება არ მომხდარა.
"არავითარი პოლიტიკური შეთანხმება და თათბირი არ ყოფილა პოლიტიკურ გუნდსა და პროკურატურას შორის. ამ დროისთვისაც არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უწყება. მე გამოვთქვი მხოლოდ ვარაუდი და იმავე დროს გავაკეთე კომენტარი, რომელიც არასწორად გაშუქდა. მე ვთქვი, რომ ჩვენ არ ვერევით არც პროკურატურის, არც სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ეს მათი საქმეა, თუმცა შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი", - განუცხადა ეკა ბესელიამ "ინტერპრესნიუსს".
ამასთან, დეპუტატის განმარტებით, ვინაიდან გიგი უგულავას საკმაოდ მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული და საქმე ეხება 40 მილიონი ლარის გაფლანგვას, ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე ივარაუდა, რომ მთავარ პროკურატურას სასამართლოში შესაძლოა, თბილისის მერისთვის საპატიმრო ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიემართა.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდსა და მთავარ პროკურატურას შორის არავითარი კონსულტაციები არ ყოფილა და არც უნდა გაიმართოს, მაგრამ სხვა საკითხია შეფასება და შემიძლია ვთქვა, რომ აქ არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის. ეს არის კონკრეტული კორუფციული, საკმაო მძიმე ბრალდება. ამ ბრალდებიდან გამომდინარე, როცა 40 მილიონი ლარის გაფლანგვაზეა საუბარი, ლოგიკურად ვმსჯელობ და ვამბობ, რომ შესაძლოა, პროკურატურამ უგულავას მიმართ მოითხოვოს საპატიმრო ღონისძიების გამოყენება, თუმცა შეიძლება არც მოითხოვოს. ჩვენ ამაში არ ვერევით და არ ჩავერევით. ესაა პროკურატურის დისკრეცია. ასე რომ, ოპონენტების ემოციური და მე ვიტყოდი ინტერპრეტირებული განცხადებები, რომ ეს წინასწარი პოლიტიკური გეგმის ნაწილია, არის აბსოლუტური სიცრუე და არასერიოზულობა. მათ უნდა მოისმინონ ის კომენტარი, რომელიც მე გავაკეთე, როცა ვთქვი, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში არ ვერევით და დამოუკიდებლად მიიღებს მას პროკურატურა და სასამართლო", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
"ნაციონალური მოძრაობა" გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით პროკურატურასა და პოლიტიკურ გუნდს შორის მოლაპარაკებებზე საუბრობს. როგორც დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, პროკურატურა გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრებას მოითხოვს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია