დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ მერაბიშვილის თუ სხვა ადამიანების განცხადებებზე მინისტრებს და პროკურორებს შევუჩეროთ უფლებამოსილება
ავტორი:
2013/დეკემბერი/18 11:00:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადებას "პრიმიტიულ პროვოკაციად" აფასებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ის, ვისაც ელემენტარული ლოგიკური აზროვნება აქვს, მას მარტივად ამოხსნის.
"მერაბიშვილის განცხადებით, ამ ”ფაქტს" ადგილი ჰქონდა 4 დღის წინ. რატომღაც ეს ცნობილი ხდება მხოლოდ გუშინ, მაშინ,როდესაც სამი დღის განმავლობაში მას თავისუფლად შეეძლო, მოეთხოვა ადვოკატის ან სახალხო დამცველის შესვლა. როგორც ჩანს, ეს არის ძალიან კარგად გამიზნული პროვოკაცია. წარმოიდგინეთ, რომ ხვალ ვიღაცამ განაცხადოს - ზეწოლა განახორციელეს მათი მოსაზრებით პოლიტიკურად დევნილ პატიმარზე. მაგალითად, შეიძლება თქვან, რომ ალასანიამ განახორციელა ზეწოლა ახალაიაზე, წულუკიანმა გაიტაცა კუბლაშვილი და ა.შ. ეს არის ძალიან პრიმიტიულად დაგეგმილი პროვოკაცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ამ დროს მას სთხოვენ, შეუჩერდეს უფლებამოსილება მთავარ პროკურორს და სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს.
"შემდეგ მოითხოვენ ალასანიაზე, წულუკიანზე და ა.შ. მათი ეს მარტივი პროვოკაცია გათვლილია მთავრობის დისკრედიტაციაზე. მეორე ვერსია კიდევ უფრო სარწმუნოა, თუმცა არ გამოვრიცხავ, ორმაგი ეფექტიც არსებობდეს. ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ, რაც ახალმა პროკურორმა დაიწყო ჟვანიას საქმის გადახედვა და გამოძიება და ორი დღის წინ პროკურატურამ დააკავა ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრი, რომელიც ჟვანიას გარდაცვალებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ამოსახსნელია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, დამთავრდეს ეს აჟიოტაჟი, მთავრობას უნდა მიეცეს ნორმალური მუშაობის საშუალება. ჩვენ არ ავყვებით არც ერთ პროვოკაციას. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო და კომფორტი, რომ მერაბიშვილის თუ სხვა ადამიანების განცხადებებს გამოვეხმაუროთ და მათ განცხადებებზე მინისტრებს და პროკურორებს შევუჩეროთ უფლებამოსილება", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობას უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი და გაცილებით მეტი საქმე აქვს გასაკეთებელი.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა, რომ მთავარ პროკურორსა და სასჯელაღსრულების მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერდეს.
ამასთან, ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გუშინ ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორ ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა.
"პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ "ვითანამშრომლებდი" ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის "ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1053
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია