პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, თბილისში პარლამენტის შენობის კომუნალურ მომსახურეობაზე გაცილებით მეტი იხარჯებოდა, ვიდრე იხარჯება
ქუთაისში მდებარე შენობისთვის.
მისივე თქმით, თავის დროზე, თბილისში რეგიონებიდან ჩასული დეპუტატებისთვის განსაზღვრული იყო ბინის ქირის თანხები, რაც დიდი ოდენობით იყო გათვალისწინებული. აღნიშნული განცხადება გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნის ხარჯების გაზრდაზე საუბარი - სპეკულაციაა.
"ქუთაისში პარლამენტი იმისთვის გადავიდა, რომ ქუთაისი, როგორც ქალაქი, არ მომკვდარიყო. განვითირებულიყო როგორც ქალაქი, ასევე მთლიანად რეგიონი. ჩადით ქუთაისში და ნახეთ, რამდენი ახალი ბარი, თავშეყრის ადგილია გახსნილი. ნახეთ აეროპორტი, თუ რამდენი ადამიანი ჩამოდის ქუთაისში და ხარჯავს ამ ქალაქში თანხებს. პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანაზე ყბადაღებული საუბრების გამო, ყველა ინვესტორმა თავისი საინვესტიციო პროექტი შეაჩერა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც დეპუტატი აცხადებს, პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხი დახურულია და უმრავლესობას ურჩევს ამის შესახებ ღიად განაცხადოს.
"ვერ გადაგვიგრიხეს ხელი და ვერ განახორციელეს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები. ჯობია, გამოვიდნენ და თქვან, რომ პარლამენტი ქუთაისში რჩება" , - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
წყარო:
interpressnews.ge