დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვაშაძე იუსტიციის სახლის ფუნქციონირების შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2013/დეკემბერი/15 17:30:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე იუსტიციის სახლის ფუნქციონირების შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკვე ათ დღეზე მეტია, რაც თბილისის იუსტიციის სახლი დაკეტილია და ათასობით ადამიანს უწევს უამრავი ბარიერის გადალახვა, რომ მიიღოს მომსახურება.
"როგორც ამბობენ ეს ყველაფერი შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს... რა მოხდა რეალურად?
იუსტიციის სახლის (30 ათასი კვადრატული მეტრი) გადახურვის გარე პერიმეტრის ერთი მონაკვეთიდან ჩამოვარდა თაბაშირ-მუყაოს (ე.წ. გიბსოკარდონის) ნაჭრები.
როგორც თავად ქალბატონმა თეა წულუკიანმა განმარტა, შენობის ფუნდამენტს და კონსტრუქციულ ნაწილს არანაირი ხარვეზი არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, შენობაში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს პარლამენტის თავჯდომარე, ენერგეტიკის მინისტი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, შესაბამისი აპარატით, ისევე, როგორც იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები.
ამ ინციდენტის გამომწვევ მიზეზად სახელდება სიჩქარე.
მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არაა ერთადერთი იუსტიციის სახლი, ასეთი 12 სახლი ავაშენეთ. მაგალითად, ბათუმის იუსტიციის სახლის 17 სართულიანი შენობა აშენდა უფრო მოკლე დროში - 14 თვეში და მიუხედავად ამისა, იმავე დღეს უფრო დიდ ქარიშხალს უმტკივნეულად გაუძლო.
როგორ ფიქრობთ, ამ შენობებში არ იყო სამშენებლო ხარვეზები? რა თქმა უნდა, იყო, და არსებობს საერთოდ მშენებლობა, რომელსაც ხარვეზი არა აქვს? პირადი, მცირე ზომის ბინის რემონტის დროსაც კი ეს გარდაუვალია. რეალობა ისაა, რომ სანამ შენობა სრული დატვირთვით არ ამუშავდება, რთულია ყველაფრის აღმოფხვრა და გახსნის შემდეგ აუცილებელია შესაბამისი მონიტორინგი.
ასე ხდებოდა იმ თორმეტივე იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგაც, ხარვეზები იყო, თუმცა, ყველა ამ ხარვეზზე შესაბამისი ჯგუფები მყისიერად რეაგირებდნენ. სწორედ ამიტომ არის, რომ მიუხედავად სტიქიისა არცერთ მათგანს არ შექმნია პრობლემა.
რა მოხდა ამ შემთხვევაში? მიუხედავად იმისა რომ, როგორც გაირკვა, სახურავის ამ მონაკვეთში მცირე ხარვეზის შესახებ იცოდნენ, დროული რეაგირება არ მოხდა და საბოლოო ჯამში სტიქიის გამო თაბაშირმუყაოს (ე.წ. გიბსოკარდონის) ნაჭრები ჩამოცვივდა.
რა გამოსავალი არსებობდა ამ ინცინდენტის შემდეგ: 1. სარემონტო სამუშაოების დაწყება და 2-3 დღეში პრობლემის აღმოფხვრა, რაც ცალსახად უნდა აანაზღაუროს იტალიურმა კომპანიამ "პერმასტელიზა", რომელმაც უშუალოდ შეასრულა გადახურვის სამუშაოები; 2. სახურავის მოცემულ დეტალზე, საბოლოო შეკეთებამდე, დარჩენილი თაბაშირ-მუყაოს ნაჭრების ჩამოყრა და მოქალაქეთა მომსახურების გაგრძელება 1-2 დღის ვადაში; 3. უსაფრთხოების ბადის გაკეთება სახურავის შესაბამის მონაკვეთზე, საბოლოო შეკეთებამდე და მომსახურების გაგრძელება ინცინდენტიდან მეორე დღეს.
ამის ნაცვლად, სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და უბრალოდ დაიხურა იუსტიციის სახლი განუსაზღვრელი ვადით.
რას ნიშნავს ეს?
ერთი მხრივ - ჩვენი მოქალაქეებს (დღეში საშუალოდ. 8000 ადამიანი) უწევთ ქალაქის სხვადასხვა კუთხეში მათთვის საჭირო სერვისებზე სიარული და უმარავი დისკომფორტის გადალახვა და მეორე მხრივ - სერვისი ნელ-ნელა იშლება გახლეჩილ პარალელურ ბიზნეს-პროცესებად, რომელთა ხელახალი გაერთიანება დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული და დიდი ფინანსური ხარჯები დაჯდება.
მოდით გავიაზროთ რა არის იუსტიციის სახლი. შენობა? არა! ესაა იდეა, ერთ სივრცეში გაერთიანებული სერვისი, სოლუშენი/გადაწყვეტა, რომელიც თვისობრივად ახალი სიტყვაა საჯარო ადმინისტრირებაში.
სწორედ ეს გადაწყვეტა იყო, რამაც აღაფრთოვანა ჰილარი კლინტონი თუ ბრიტანელი პარლამენტარები და უამრავი უცხოელი ვიზიტორი - გადაწყვეტა და არა უბრალოდ ფართო და ნათელი შენობები თანამედროვე დიზაინით, რითაც ბუნებრივია მათ ვერ გავაოცებთ.
იუსტიციის სახლი არის არა მარტო სერვისი, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს უმარტივებს ცხოვრებას და საჯარო მენეჯმენტი ახალ საფეხურზე აჰყავს, არამედ პროდუქტი, რომელიც დაიბადა და განვითარდა საქართველოში, ბრენდი, რომელიც შექმნილია საქართველოში და კონკურენტუნარიანია მსოფლიო მასშტაბით.
მე ვამაყობ, რომ ვარ მონაწილე ამ პროცესის, ეს პროდუქტი განვითარებულია საქართველოში, სხვადასხვა სპეციალობის ქართველი პროფისიონალების მიერ, რომლებთან ერთადაც მუშაობა იყო უზომოდ საინტერესო, ნაყოფიერი და საამაყო.
ბოლოსკენ მინდა გავიხსენო ერთი ცნობილი თეორია, რომლის მიხედვითაც თუ შენობაში ერთი ფანჯარა გატყდა და არავინ ზრუნავს მის გამოცვლაზე, მალე ყველა გატყდება და ბოლოს, შენობაში განუკითხაობა დაისადგურებს - ის განადგურდება.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონო მინისტრო, შესაბამისი მონდომების შემთხვევაში იუსტიციის სახლის მუშაობის აღდგენა სულ რამდენიმე დღის საქმეა და ვფიქრობ, რომ საჭიროა დროული და ეფექტური რეაგირება, რათა ეს სერვისი არ ჩამოიშალოს.
ამასთან, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ არ მოხდა სახურავის მთლიანობის დროულად აღდგენა, არის დიდი ალბათობა, რომ დაზიანებული დეტალიდან შეღწეულმა მძლავრმა ქარმა შესაძლია სახურავს ძლიერი კონსტრუქციული დაზიანება მიაყენოს",-აცხადებს გიორგი ვაშაძე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია