დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნაციონალური მოძრაობა" გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
ავტორი:
2013/დეკემბერი/12 18:00:02
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავს.
პარტიის მიმართვას "ინტერპრენიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"11 დეკემბერს საპარლამენტო სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის - სოსო ჯაჭვლიანის მიერ განხორციელდა მძიმე პროვოკაცია. გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ ამ ინციდენტის არა მხოლოდ ფორმას და პარლამენტარის მიუღებელ მოქმედებას, რაც თავისთავად აღმაშფოთებელია, არამედ მის შინაარსს. გარდა უშუალოდ კოლეგის შეურაცხყოფისა, ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული განცხადება. ინსტიტუტების, რომელთაც წლების განმავლობაში ინტენსიური ბრძოლა აწარმოეს კრიმინალურ სამყაროსთან და საზოგადოების დასაცავად მრავალი ურთულესი მოქმედება განახორციელეს მთელ საქართველოში და მათ შორის სვანეთში.
შემაშფოთებელია, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრი ჯაჭვლიანი ღიად იცავდა კრიმინალური ავტორიტეტების პოზიციას. მეტიც, ის მათი სახელით საუბრობდა შურისძიებაზე არა მხოლოდ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და მისი ოჯახის, არამედ მთლიანად ოპოზიციური ძალის მიმართ. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ამით საქართველოს პარლამენტის წევრი დაუფარავად შეუერთდა მუქარას, რომელიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ არაერთხელ გამოუთქვამთ კრიმინალური დაჯგუფების წევრებს. ამავე გამოსვლაში იყო კუთხური შუღლის გაღვივების პირდაპირი მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს: სახელმწიფო ლეგიტიმურ ბრძოლას აწარმოებს კრიმინალთან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და იაფფასიანი კუთხური მოტივებით სპეკულაცია გარდა სრულიად უღირსი საქციელისა, საზიანოა ქვეყნისათვის. ჩვენი ქვეყანა იმყოფება ევროპასთან ინტეგრაციის გადამწყვეტ ფაზაში, რუსეთი ცდილობს ნებისმიერი მეთოდით შეაჩეროს თავისუფალი ერების სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რისი მკაფიო დადასტურებაც არის უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. მომავალშიც ცალსახად მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან დესტრუქციული მეთოდების გამოყენება, რათა საქართველომ უარი თქვას ევროპულ არჩევანზე. ამ ფონზე თითოეული პარლამენტის წევრი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ნებისმიერ განცხადებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რელიგიური, ეთნიკურ თუ კუთხური დაპირისპირება. ამ პროცესზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ და საქართველოს პრემიერ მინისტრს, როგორც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაბამისად, გთხოვთ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით და განხორციელებულ პროვოკაციაზე მოახდინოთ ადეკვატური და დროული რეაგირება", - აღნიშნულია მიმართვაში.
გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა სოსო ჯაჭვლიანმა სიტყვით გამოსვლის დროს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ბარამიძეს მიმართა – "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო", რასაც პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია