დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საია იუსტიციის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავს
ავტორი:
2013/დეკემბერი/11 18:30:03
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იუსტიციის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავს, პროკურატურაში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდნენ. საია საქართველოს პროკურატურიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" საქართველოს პროკურატურის რამდენიმე მაღალმა თანამდებობის პირმა მიმართა, რომლებიც დაკავებული თანამდებობებიდან მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ გათავისუფლდნენ. ორგანიზაციის მტკიცებით, აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.
"მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ მოთხოვნას ძირითადად მთავარი პროკურორის ახალი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი აჟღერებდა, რომელიც თანამშრომლებს საკუთარ კაბინეტში იბარებდა და გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას ითხოვდა. თუმცა, როგორც მომმართველები აღნიშნავენ, არც ერთ მათგანს არ განუმარტავდნენ, თუ რა იყო მსგავსი მოთხოვნის მიზეზი", - აცხადებენ საია-ში.
მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძირითადად ათავისუფლებენ იმ პირებს, ვინც თანამდებობებზე ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, დროს დაინიშნენ. ამასთან, ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ მთავარი პროკურორის ყველა მოადგილეს, არამედ სხვა თანამდებობის პირებსაც, მაგალითად: მადონა ღიბრაძე, გენერალური ინსპექციის უფროსი, ლევან გზირიშვილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი; ხათუნა კალანდაძე - საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ეკატერინე ებანოიძე - საფინანსო სამმართველოს უფროსი, კახა წერეთელი - შსს-ს ტერიტორიულ ორგანოებზე საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი და ა.შ.
საიასთვის მიწოდებული ინფორმაციით, ცვლილებები ქვედა რგოლებშიც ინტენსიურად ხორციელდება.
"აღსანიშნავია ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, ლევან ბუაძის, შემთხვევა. ჩვენი ინფორმაციით, მას ასევე მოსთხოვეს განცხადების დაწერა, რაზეც უარი განაცხადა. დაძაბულ საუბარს მოჰყვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის შემდეგაც პროკურტურაში გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება. ცხადია, საკადრო ცვლილებები პროკურატურაში, ისევე, როგორც სხვა უწყებაში, შესაძლებელია განხორციელდეს. თუმცა, ეს მხოლოდ კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს. მართალია, ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნას, თუმცა, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ პირადი განცხადება უნდა დაიწეროს მუშაკის საკუთარი ნამდვილი ნების და არა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის კატეგორიული მოთხოვნების შემდეგ", - აცხადებენ საია-ში.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ზემოაღნიშნული კანონის 35-ე მუხლის თანახმად "პროკურატურის მუშაკი თავის სამსახურებრივ სამიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება გადაყენებულ იქნეს ან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა".
"გასათვალისწინებელია ის რეალობა, რომ ასობით მოქალაქეს შეტანილი აქვს პროკურორების წინააღმდეგ საჩივრები, სადაც აღწერილია ის სავარაუდო კანონდარღვევები, რასაც პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან წინა წლებში ადგილი ჰქონდა. ვფიქრობთ, აუცილებელია აღნიშნულ საჩივართა გულდასმით შესწავლა და თუ დადასტურდა სამართალდარღვევის ნიშნები, ცხადია, შესაძლებელია არა თუ თანამდებობიდან გათავისუფლება, არამედ, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც. თუმცა, როგორც აღინიშნა, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძირითადად თავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც თანამდებობაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნენ და ვის მიმართაც, მაღალი ალბათობით, მსგავსი საჩივრები დაწერილი არ არის", - აცხადებენ საიაში.
ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, როგორც მთავარი პროკურორის შერჩევასა და დანიშვნაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, პროკურატურაში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 999
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია