დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს პრეზიდენტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
ავტორი:
2013/დეკემბერი/10 11:00:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ადამიანის უფლებები ის ფუნდამენტია, რომელსაც საკაცობრიო კულტურა ეფუძნება. ადამიანის თანდაყოლილი სწრაფვა თავისუფლებისა და თანასწორობისაკენ განსაზღვრავდა პროგრესს ისტორიის ყველა ეტაპზე. ჯერ კიდევ ანტიკურ ფილოსოფიაში, იდეურ-ქრისტიანულ ეთიკაში სრული სისავსით და სიცხადით გამოვლენილმა ამ სულისკვეთებამ მიმართულება მისცა მსოფლიოს პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ განვითარებას.
ქართული კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უზენაესობა ჩვენი კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია უპირველს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. თავისუფლების იდეალი უმთავრესი ორიენტირი იყო საქართველოს საუკეთესო მმართველების, პოეტების, ფილოსოფოსების, პოლიტიკური, რელიგიური თუ საზოგადო მოღვაწეებისათვის.
1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღება ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის საბოლოო და შეუქცევადი გამარჯვებაა. მაგრამ, როდესაც მთელ მსოფლიოსთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ტრადიციას გაგრძელება და განვითარება სჭირდება, რომ ისტორიაში არასდროს დგება მომენტი, როდესაც თავისუფლება - საკმარისია, როდესაც სასურველ ვითარებას მივაღწიეთ და უფლება გვაქვს, მიღწეულს დავჯერდეთ, რომ თითოეული ადამიანის თავისუფლების მაქსიმალური უზრუნველყოფა მხოლოდ ყველა ჩვენგანის ყოველდღიური, უწყვეტი ძალისხმევითაა შესაძლებელი", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1259
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია