დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ჩარევა იქნება ის, პატრიარქმა კოდექსი ან თავზე გადაგვახიოს ან ვეტო დაადოს
ავტორი:
2013/დეკემბერი/06 23:00:02
თვითმმართველობის კოდექსის პირველი მოსმენით კენჭისყრა მომავალ კვირას იგეგმება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის განხილვა გრძელდება და თუ დეპუტატები არ დარწმუნდებიან, რომ რამე ხელს უშლით, კენჭისყრა ჩატარდება.
"თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობა გაზაფხულზე დაიწყო, ჩატარდა კოალიციის პოლიტსაბჭოს ბევრი სხდომა და ბოლოს პროექტი მთავრობამ ორჯერ განიხილა და გამოაგზავნა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით. ტექსტი მოწონებულია მთავრობის მიერ, პრაქტიკულად ყველა ეთანხმებოდა ამ პროექტს და ახლა უკვე პარლამენტში მიმდინარეობს საკომიტეტო მოსმენები, აზრთა გაცვლა და გარკვეული საკითხების დაზუსტება. ახლა უნდა დადგეს რეკომენდაციები, მოვისმინოთ რჩევები და მივიღოთ გადაწყვეტილებები. ვერ ვიხსენებ უფრო სათანამშრომლო ვითარებას ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიდრე დღეს გვაქვს. ჩვენ ვართ მუდმივ კონტაქტსა და კონსულტაციებში, არც ერთ საკითხზე ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქთან შეხვედრასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უწმინდესს აბსოლუტურად სხვა თემაზე ესაუბრა. "არც ერთი სიტყვა ამ საკითხზე არ ყოფილა. იყო სხვადასხვა დამოკიდებულება, თითქოს პატრიარქმა ეს ბრძანა და წელთაღრიცხვა შეიცვალა ქვეყანაში. მოვისმინე გასაოცარი მიდგომები ამ თემაზე. ყველა უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველო ყველასია – პოლიტიკოსის, ჟურნალისტის, რელიგიური მოღვაწის. პატრიარქი მიბრძანდება არჩევნებზე და ხმას აძლევს, იხდის მოქალაქეობრივ ვალს და ამიტომ მას აქვს სრული თავისუფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია. მისი მოსაზრების ჩარევად შეფასება გადაჭარბებულია. ჩარევა იქნება მაშინ, თუ ხელისუფლება ჩარევს ვინმეს თავის საქმეში. ჩარევა იქნება ის, პატრიარქმა კოდექსი ან თავზე გადაგვახიოს ან ვეტო დაადოს. პოზიციის გამოთქმა ჩარევა არ არის", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, როდესაც დისკუსია საჯარო კონსტიტუციურ საკითხებზე მიმდინარეობს, შესაძლოა, არსებობდნენ ადამიანები, ვინც უწმინდესის პოზიციას არ გაიზიარებს. დავით უსუფაშვილისთვის ასეთ პირთა მიმართ "ატეხილი ალიაქოთიც" მიუღებელია.
"როგორ შეიძლებოდა პატრიარქი ყოფილიყო ჩუმად, თუ დარწმუნდა, რომ კოდექსში ამხელა ხიფათია. საქმე ის არის, არის თუ არა ეს საფრთხე რეალურად კოდექსში. ამ საკითხზე წმინდა სინოდის წარმომადგენლებთან და პატრიარქთან იყო შეხვედრები, თუმცა მე ამ შეხვედრებში არ ვმონაწილეობდი. ჩვენ პროექტის განხილვას ვაგრძელებთ, მომავალ კვირას დაგეგმილია პირველი მოსმენით კენჭისყრა და თუ არ დავრწმუნდით, რომ რამე ხელს გვიშლის, კენჭისყრა ჩატარდება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა მოსაზრებასაც, რომლის თანახმადაც თვითმმართველობის კოდექსი ქვეყნის ფედერალურ მოწყობას გულისხმობს და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება "უმეცრება და უსინდისობაა".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1060
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია