დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დედაქალაქის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ავტორი:
2013/ნოემბერი/21 20:00:02
დედაქალაქის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სხდომაზე სოციალური საცხოვრისების პრობლემასა და უსინათლოთა სოციალური შეღავათების თაობაზე იმსჯელეს.
მათივე ინფორმაციით, სხდომას კომისიის წევრების გარდა, ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, მისი მოადგილე გიორგი სანიკიძე და ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი გია მამრიკიშვილი ესწრებოდნენ.
"კომისიის დღევანდელ სხდომაზე ორი მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების თაობაზე იყო მსჯელობა. ესენია – სოციალური საცხოვრისების პრობლემა და უსინათლოთა სოციალური დახმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის წევრებმა მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს მოვუსმინეთ და პრობლემის გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ. სამწუხაროდ, საცხოვრისებში არაერთი სოციალურად დაუცველი ოჯახია შეჭრილი, რომელთა იქ ყოფნა უკანონოა, რადგან წარმოდგენილი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს. შესაბამისად, ჩვენ ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება მათი დაკმაყოფილებაც და ამასთან, სოციალური საცხოვრისებიდან გამოყვანა. საბოლოოდ შევჯერდით, რომ აღნიშნულის განხორციელება სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად უნდა მოვახერხოთ", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ მაკა გვარამიამ.
რაც შეეხება უსინათლოების პრობლემას, მაკა გვარამიას შეფასებით, აღნიშნული თემა ძალიან მნიშვნელოვანია. "ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა მათთვის გარკვეული შეღავათების დაწესების თაობაზე. ამასთან, სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ შეღავათების მსგავსი პროგრამის განხორციელება ეტაპობრივად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც ავამუშავოთ"",–აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ მაკა გვარამიამ.
აღნიშნული პრობლემის თაობაზე საკუთარი მოსაზრება მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ წარმოადგინა.
"დღევანდელ სხდომაზე ორი საკითხი იქნა განხილული, რომელთაგან პირველი უსახლკაროთა საკითხი გახლდათ. პროექტი, რომელიც თბილისში უკვე 5 წელია არსებობს, დიდ დიღომში უკვე დასრულდა და ძალიან კომპეტენტურმა კომისიამ 18 ყველაზე გაჭირვებული ბენეფიციარი შეარჩია. მათ რეკომენდაცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაუწიეს, რომლებიც დეტალურად სწავლობდნენ ამ ოჯახების სოციალურ მდგომარეობას. ამ ეტაპზე საცხოვრისებში რამდენიმე ბენეფიციარი ოჯახია შეჭრილი, რომელთა გამოსახლება არც საკრებულოს და არც მერიას არ შეუძლია.
სოციალური საცხოვრისი შენდება კონკრეტულად სოციალური ხალხისთვის, დაუცველი ადამიანისათვის და არც ერთი შეჭრა წახალისებული არ უნდა დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამ პოლიტიკას ვერ გამოვასწორებთ. ეს დაფიქსირდა კიდეც ამ საკითხთან დაკავშირებით და კომისიის დღევანდელ სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარესთან და კომისიის სხვა წევრებთან ერთად შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით სამართლიანობის აღდგენა აუცილებელია. ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში გაგვიწიოს დახმარება. სხვა შემთხვევაში, საცხოვრისის თემა ნამდვილად ვერ განვითარდება"",–განაცხადა მამუკა ქაცარავამ.
მან კომენტარი უსინათლოების თაობაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბაზის მოწოდების შემთხვევაში ისინი მათ დასახმარებლად მზადყოფნას აცხადებენ.
"მეორე თემა, რომელიც დღეს განვიხილეთ უსინათლოებს ეხება. ერთადერთი ოფიციალური დასაყრდენი, რომლითაც შეღავათების დაწესებას შევძლებთ ეს იქნება , ჯანდაცვის სამინისტროდან მოწოდებული ბაზა. ვფიქრობ, სამინისტრომ უნდა მოახდინოს რეაგირება უსინათლოთა ბაზის გამოყოფის თაობაზე და შესაბამისად, შეღავათებიც ამ ბაზის მიხედვით დაწესდება"",–აღნიშნა მამუკა ქაცარავამ.
ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსმა ასევე სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებზეც ისაუბრა, რომლებიც ჯერ კიდევ 4 იანვრიდან უკანონოდ შეიჭრნენ აღნიშნულ საცხოვრისებში და რომელთა გამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ამან კი შესახლების პროცესი შეაჩერა.
"ჩვენთვის ნათელია, რომ იქ შეჭრილ ადამიანებს უჭირთ და ესაჭიროებათ საცხოვრებელი ფართი, თუმცა მათი შეჭრა აღნიშნულ შენობებში უკანონოა, რადგან მათ არსებული კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფლეს და ჩვენს მიერ არ არიან შერჩეულნი. ასე, რომ ამ ეტაპზე უნდა მოხდეს მათი გამოსახლება და მათ მაგივრად ბინებში კანონიერი მფლობელების შესახლება"",– აღნიშნა გია მამრიკიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია