დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თემურ იაკობაშვილის ბლოგი - როცა ტიტანები მიდიან
ავტორი:
2013/ნოემბერი/20 14:00:02
"როცა ტიტანები მიდიან: საქართველოს ხელისუფლების ვაკუუმი", - ამ სათაურით აქვეყნებს "გერმან მარშალის ფონდი" აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, თემურ იაკობაშვილის ბლოგს.
როგორც თემურ იაკობაშვილი წერს, საქართველოს პოლიტიკური გარემო ახალი ეპოქის დასაწყისის მოწმეა, რომელიც ძლიერი პოლიტიკური ლიდერების გარეშე იწყება. მისივე თქმით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის წასვლით, საქართველოს პოლიტიკური არენა გავლენიანი ლიდერის გარეშე დარჩება, რამდენადაც არც ახალარჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და არც ახალ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს წინამორბედების მსგავსი მიმზიდველობა არ გააჩნიათ.
"ირონია კი ის არის, რომ საქართველო თავისი განვითარების იმ ეტაპზეა, რომელსაც კარგად ორგანიზებული, მოტივირებული და მაღალი ნდობის მქონე პოლიტიკური საყრდენი სჭირდება. საქართველოს, რომელსაც რთული არჩევანი აქვს გასაკეთებელი რუსეთის ევრაზიულ კავშირს, ნატო-ს, ევროპარტნიორობასა და ჩინურ ინიციატივებს შორის, ახლა – ვიდრე ოდესმე, სჭირდება ძლიერი, პროდასავლური ლიდერის ძალისხმევა, რათა მიაღწიოს დასახულ მიზანს – ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - წერს თემურ იაკობაშვილი.
როგორც ქართველი დიპლომატი აღნიშნავს, ძლიერი ლიდერის არყოფნის პირობებში მთელი ტვირთი პოლიტიკურ პარტიებს დააწვებათ. თუმცა, მისივე თქმით, ამ ტვირთის ზიდვა არც ამ პარტიებს შეუძლიათ.
"ქართული ოცნების" მრავალფეროვნება, რომელიც ერთ დროს მიმზიდველი იყო, ახლა მისივე უდიდესი სისუსტეა. "ნაციონალური მოძრაობა" კი, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თავდასხმის ქვეშაა ადგილობრივ თვითმმართველობების იძულებით შეცვლის მცდელობისა და მისი ფინანსური მხარდაჭერის შეფერხებით. სავარაუდოდ, საქართველო დაშლილი და დაყოფილი პოლიტიკური გარემოს თვითმხილველი გახდება და შესაბამისად, ნაცვლად ქვეყნის განვითარებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაზე ფოკუსირებისა, მთავრობის ძალისხმევის მიმართვა შიდა უთანხმოებასთან გამკლავებისთვის გახდება საჭირო", - წერს თემურ იაკობაშვილი.
ბლოგის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ძლიერი, ქარიზმატული ლიდერისა და პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, უკვე არსებული არასტაბილური ბალანსი შესაძლოა ორმა ახალმა კრიზისმა დაარღვიოს.
"პირველ რიგში, ეს ეკონომიკური შეფერხება და გარდაუვალი ეკონომიკური უკმაყოფილება იქნება. მეორე კი, გარე მოთამაშეების მიერ ფრაგმენტული პოლიტიკური სფეროთი მანიპულირება იქნება, რამდენადაც დასავლეთი და რუსეთი საქართველოზე ზეწოლას გაზრდიან ხელსაყრელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მიზნით. სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ზეწოლას უფრო მეტად ტრადიციული პროვოკაციების სახე ექნება, რაც საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევასა და ფარულ ან აშკარა მანიპულაციებში გამოიხატება. დასავლეთი კი ინსტიტუტებზე მოახდენს ზეწოლას დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობის გაგრძელების მიზნით", - წერს თემურ იაკობაშვილი.
ქართველი დიპლომატი ასევე აღნიშნავს, რომ უამრავი პოლიტიკური და ეკონომიკური მაჩვენებლებით, 2014 წელს რუსეთი რეცესიას განიცდის, რის გამოც შესაძლოა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბოს, რამდენადაც რუსეთი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით უფრო აგრესიული გახდება.
"ცოტა ხნის წინ საქართველო საპრეზიდენტო სისტემიდან გადაერთო სისტემაზე, რომელშიც პრეზიდენტის უფლებამოსილება პარლამენტთან და პრემიერ-მინისტრთან არის გაზიარებული. ამ პირობებში, დასავლეთმა მხარი უნდა დაუჭიროს ლიბერალური დემოკრატიული იდეალების მქონე პარტიების კოალიციის განვითარებას. დროა, საქართველოში გაჩნდეს პროდასავლური კოალიცია, რომელსაც ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერა ექნება", - წერს თემურ იაკობაშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია