დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რკინიგზელების ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, სატვირთო ხაზებზე 6 000-მდე რკინიგზელია გაფიცული
ავტორი:
2013/ნოემბერი/14 20:30:10
რკინიგზელების ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, სატვირთო ხაზებზე 6 000-მდე რკინიგზელია გაფიცული.
"პირველი რადიოს" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიამ და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების გამგეობის წევრმა და დამფუძნებელმა თეიმურაზ ბერაძემ სატვირთო რკინიგზის ხაზებზე დღეს, 10:00 საათზე დაწყებული გაფიცვის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
თეიმურაზ ბერაძის თქმით, მათ შეგნებულად არ გამოაცხადეს გაფიცვა სამგზავრო ხაზებზე და არც ერთი სამგზავრო მატარებელი ამის გამო გაჩერებული არ არის. მისივე განცხადებით, თბილისსა და კახეთის რკინიგზის მონაკვეთზე გაფიცულია სატვირთო მატარებლების სადგურები, მორიგეები, მოძრავი შემადგენლობის მემანქანეები და ზეინკლები. სულ 3 000-მდე ადამიანი. გაფიცვას მოგვიანებით შეუერთდნენ ბათუმის, სამტრედიისა და ხაშურის რკინიგზელები და მთლიანად გაფიცულთა რაოდენობა 6 000-მდეა.
პროფკავშირის გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიას განცხადებით კი, გაფიცული რკინიგზელები საქართველოს რკინიგზის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, რათა აქცია შეწყვიტონ. ალექსანდრიას თქმით, გაფიცულ რკინიგზელებს სამი მოთხოვნა აქვთ _ ზეგანაკვეთური შრომითი ანაზღაურება, რომელსაც ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს, მეცამეტე ხელფასის ანაზღაურება, რომელიც საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ეზუგბაიას მოსვლამდე რკინიგზაში არსებობდა და წელთა ნამსახურების მიხედვით ხელფასზე დანამატის შემოღება.
ალექსანდრიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნებით რკინიგზელების პროფკავშირმა რკინიგზის ადმინისტრაციას 5 თვის წინ მიმართა. დაახლოებით 1 თვის წინ კი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაფიცვის დაწყების შესახებ გააფრთხილა. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ მათ მოთხოვნებს ყურადღება არ მიაქცია.
ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, დღესვე რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის კომიტეტის წევრები საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციაში რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორს, ალექსი ნიკოლაიშვილს შეხვდებიან. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რკინიგზელები აქციის გაგრძელებით იმუქრებიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1543
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია