დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნოდარ ხადური პარლამენტს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს
ავტორი:
2013/ნოემბერი/13 19:00:03
ამ წუთებში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პარლამენტს 2014 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს აცნობს.
ხადურმა გამოსვლის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ წარმოდგენილ საბიუჯეტო პროექტში ამ ეტაპისთვის პარლამენტის შენიშვნები და წინადადებები გათვალისწინებული არ არის, რადგან დაგეგმილია ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეთანხმება და ასევე მისი კორექტირება ახალი შემადგენლობის მთავრობასთან ერთად.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 9 009.0 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც შემდეგი წყაროებიდან ფინანსდება: საგადასახადო შემოსავლები - 6 950.0 მლნ ლარი; გრანტები - 129.8 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები - 300.0 მლნ ლარი; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მისაღები სახსრები - 80.0 მლნ ლარი; გასულ წლებში გაცემული სესხების დაბრუნება - 70.0 მლნ ლარი; მსოფლიო ბანკის კრედიტი - 102.0 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი საინვესტიციო კრედიტები - 630.0 მლნ ლარი; სხვადასხვა ვადიანობის მქონე სახელმწიფო საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვება - 400.0 მლნ ლარი; სახელმწიფო ხაზინაში არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენება - 347.2 მლნ ლარი.
მინისტრის თქმით, 2014 წლის ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებების უმრავლესობის დაფინანსება არ იზრდება. მნიშვნელოვნად იზრდება მხოლოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2014 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3.5%-ს შეადგენს. ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტი 31.2 მილიარდ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგნოზებიდან გამომდინარე ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2014 წელს 7 380.0 მლნ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, როგორც ხადურმა აღნიშნა, საგადასახადო შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია, რომ მომდევნო წლის დასაწყისში განხორციელდება დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება დაახლოებით 180-200 მლნ ლარის ოდენობით, რაც გულისხმობს დაბალი ხელფასის მქონე პირების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დაბრუნებას.
მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა მიიღოს. მანამდე, მიმდინარე თვის ბოლოს ფინანსთა სამინისტრო მომზადებულ საბიუჯეტო პროექტს გადაამუშავებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია