დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილმა რეზო ჭარბაძე და სერგეი ბონდარჩუკი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა
ავტორი:
2013/ნოემბერი/05 16:00:02
საქართველოს პრეზიდენტმა კომპანია "დელტას" ყოფილი ხელმძღვანელი რეზო ჭარბაძე და უკრაინის უმაღლესი რადას წევრი სერგეი ბონდარჩუკი საქართველოს თავდაცვისუნარიანობაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი საბრძოლო ორდენებით დააჯილდოვა.
მიხეილ სააკაშვილმა ჭარბაძისა და ბონდარჩუკის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ საქართველოსთვის "ძალიან მაგარი საქმეები" გააკეთეს.
"რეზო ჭარბაძე იყო ჩვენი კომპანია "დელტას" ხელმძღვანელი. 2008 წელს, როცა ყველა ქვეყანას გაუჭირდა ჩვენთვის იარაღის მოყიდვა და საქართველო იყო პრაქტიკულად დაუცველი, საქართველო დადგა აუცილებლობის წინაშე, გამოეშვა საკუთარი იარაღი. ჯერ ავაწყეთ "დიდგორი", შემდეგ – "ლაზიკა", არტილერიის ცეცხლის მანქანა, რომელიც იყო რუსული "გრადის" გაუმჯობესებული ვარიანტი. ჩვენ გვყავდა უპილოტო საფრენი აპარატები და მათი კოდები საეჭვო ვითარებაში აღმოჩნდა მტრის ხელში, რის შემდეგაც სარაკეტო სისტემის დამუშავება დაიწყო. საქართველომ მოახდინა სასწაული და ეს ყველაფერი გააკეთა ქართველმა. როგორც ხედავთ, ქართველებსაც შეძლებიათ მაღალი ტექნოლოგიების წარმოება", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, ქარხანა დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია, რეზო ჭარბაძე კი ქვეყნიდან გააქციეს.
"ქარხანა დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია და გადასულია პატარა რაღაცეების წარმოებაზე. ჩვენ ათობით მანქანა გამოვუშვით, გვქონდა დიდი საექსპორტო პოტენციალი. ჭარბაძე გაუშვეს, ქვეყნიდან გააქციეს და კრიმინალის ჩვენების საფუძველზე დაუსწრებლად მიუსაჯეს სასჯელი მაშინ, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთმა ქვეყანამ უყოყმანოდ მისცა თავშესაფარი. ჭარბაძის მუშაობის შეწყვეტა რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებში შედიოდა, რადგან დამპყრობელს არ უნდა, გვქონდეს იარაღი. არ ვარ მომხრე, ვინმეს ხელი დავაფაროთ, თუ რამე საზიზღრობა აქვს ჩადენილი, მაგრამ ასეთი ხალხის დაკარგვა არ შეიძლება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდის არსებობის აუცილებლობასაც შეეხო. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ზღუდე დედაქალაქს ჰაერივით სჭირდება, რადგან როცა ყველა სიმაღლეზე იდგება არტილერია, მისი ადვილად აღება შეუძლებელია.
"გული მიკვდება, როცა ვხედავ გაჩერებულ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივესიტეტს, გაჩერებულ სამხედრო წარმოებას. არ მინდა მტერმა გაგვინადგუროს ის, რაც ამდენ ხანს გვიკეთებია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი რეზო ჭარბაძის დედას გადასცა.
სერგეი ბონდარჩუკის დაჯილდოებისას კი პრეზიდენტმა 2008 წლის ომი გაიხსენა. სააკაშვილის ინფორმაციით, მაშინ, როდესაც რუსეთის შანტაჟის გამო საქართველოსთვის იარაღის მიცემა არავის სურდა, სერგეი ბონდარჩუკმა ეს გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილი ბონდარჩუკის კიდევ ერთ დამსახურებად რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს მიიჩნევს.
"2004 წელს, როდესაც სეპარატისტი ასლან აბაშიძე დავარწმუნეთ, რომ მოშორებულიყო, უკრაინამ გადმოგვცა სამხედრო მოიერიშე ვერტმფრენები და დიდი ოდენობით ჯავშანტექნიკა. ეს რომ დაინახა ასლანმა, აქედან დაიწყო მისი ჩამოშლა. რა თქმა უნდა, ამის გამოყენებას აჭარაში არ ვაპირებდით, მაგრამ ძალიან დიდი რაღაცა იყო ის მანევრები, რაც ამ ტექნიკით შევასრულეთ. მას საბაჟო ჰქონდა ჩოლოქზე, ეს ტერიტორია პრაქტიკულად დაკარგული გვქონდა და მე ის დავიბრუნე საზოგადოებასთან ერთად. სერგეი ბონდარჩუკმა გააკეთა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც დასაბუთებულია, როგორ განახორციელა რუსეთმა ომი და აგრესია. საქართველოზე მოხდა თავდასხმა. ასეთი მეგობრები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა სააკაშვილმა და სერგეი ბონდარჩუკს უმაღლესი საბრძოლო ჯილდო – ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.
პრეზიდენტს მისი "მცირე წვლილის დაფასებისთვის" მადლობა გადაუხადა სერგეი ბონდარჩუკმა.
"ჩვენი ქვეყნები ძლიერები უნდა იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, რუსეთის ჯარი დატოვებს სოხუმის, ცხინვალის და სევასპოტოლის ტერიტორიას და ევროპული თავისუფალი საზოგადოების ნაწილი გავხდებით", - განაცხადა ბონდარჩუკმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია