დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა ივანიშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არა აქვს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/31 16:00:03
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ბიძინა ივანიშვილმა თბილისში მიმდინარე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს პრიორიტეტი ემყარება ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანს და ამ არჩევანს მხარს უჭერს საქართველოს ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა.
"ამ მიმართულებით, საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი თარიღია მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში დაგეგმილი ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი. ჩვენ ველით, რომ ვილნიუსის სამიტზე მოხდება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება, რომლის შემადგენელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე. ასევე, ველით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის დასრულების მიმართულებით", - აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერი აცხადებს, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია აგრეთვე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია.
"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას თავისი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში და ეს საპატიო მისიაა ჩვენთვის. როგორც უსაფრთხოების კონტრიბუტორი სახელმწიფო, საქართველო ჩართულია ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების მისიაში და აპირებს მონაწილეობას მისიის დასრულებამდე. ასევე, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ პოსტ-აისაფის მისიაში და ჩვენს წვლილს შევიტანთ იმ საქმეში, რომ შენარჩუნდეს საერთო წარმატება ავღანეთში 2014 წლის შემდეგ", - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეული წარმატებების მიუხედავად, საქართველოს წინაშე ჯერ კიდევ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევები.
"ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ხოლო მოსახლეობას არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნების საშუალება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ვითარების გამოსასწორებლად. ჩვენ შევცვალეთ რიტორიკა რუსეთის მიმართ, დავნიშნე ჩემი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, მივიღეთ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება და გამოვხატეთ ოლიმპიადასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის მზადყოფნა", -განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯებისა და სავაჭრო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის მიმართულებით არსებული გარკვეული დინამიკის მიუხედავად, შემაშფოთებელია რუსეთის ჯარების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერებისა და მავთულხლართების აგების პროცესი.
"თუმცა, ვითარების სირთულის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მიმართულებით და, გარდა ამისა, დგამს პრაგმატულ ნაბიჯებს არსებული პრობლემის გადასაჭრელად.
სწორედ ამიტომ, ასეთი გამოწვევების ფონზე, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დინამიკურად განვითარდეს ურთიერთსასარგებლო და მეგობრული ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის და ამაში უდიდესი როლი სწორედ თქვენ, რეგიონის ელჩებსა და ექსპერტებს გენიჭებათ.
იმედი მაქვს, რომ თბილისში გამართული ამბასადორიალი ნაყოფიერი იქნება თქვენთვის. გისურვებთ წარმატებებს", - დასძინა ივანიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 982
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია