დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - ერთი დღეც არ გასულა ისე, იმ ახალგაზრდა ბიჭებზე არ მეფიქრა, რომლებიც დამპყრობელმა 2008 წელს ჩახოცა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/28 21:30:03
ერთად ჩვენ მრავალი ქარ-ცეცხლი გამოვიარეთ, 2008 წლის ინტერვენციის სახით კი, პრაქტიკულად, ცუნამი გადავიტანეთ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, როდესაც მოსახლეობას პრეზიდენტის სასახლიდან უკანასკნელად მიმართა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ გამოიარა ის ქარტეხილები, რომლებსაც ბევრმა ქვეყანამ ვერ გაუძლო და "ჩვენმა ქვეყანამ მაინც გააგრძელა შენება, ზრდა და განვითარება".
"ბევრ თქვენგანს აღიზიანებს ჩემი აჩქარებული ტემპი, მაგრამ, გთხოვთ, გამიგოთ მეც, რადგან სულ კეფაში ვგრძნობდი წარსულის ამაზრზენ სუნთქვას. ეს უახლესი ბნელი წარსული ფეხდაფეხ მოგვდევდა, მაგრამ მომავალს მაინც რწმენითა და იმედით შევყურებდით და არც ერთი წამით არ შეგვიჩერებია სვლა. ამის ძალას კი მხოლოდ ჩვენი უსაზღვრო სიყვარული გვაძლევდა ჩვენი სამშობლოს მიმართ.
მეგობრებო, ჩვენ ყველაფერს გავუძელით, მაგრამ განადგურებას უდიდესი მსხვერპლის ფასად გადავურჩით, უპირველესად, ჩვენი დაღუპული გმირების თავგანწირვის შედეგად.
ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ ჩვენს საუკეთესო, იმ ახალგაზრდა ბიჭებზე არ მეფიქრა, რომლებიც დამპყრობელმა 2008 წლის ინტერვენციის დროს ჩახოცა. ნუ გადავყრით წყალში მათ თავგანწირვას, ნუ მივცემთ დამპყრობელს უბრძოლველად იმას, რაც ბრძოლით ვერ მოიპოვა",-განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამ მნიშვნელოვან მომენტში, ის კიდევ ერთხელ სთხოვს ყველას, გასცდნენ პოლიტიკურ განსხვავებებს, გვერდზე გადადონ ძველი და არაფრისმომცემი პოლემიკა და გაერთიანდნენ, რათა საკადრისი პატივი მიეგოს ბრძოლებში დაცემულ გმირებს.
"ვიფიქროთ მათ ოჯახებზე, რომლებსაც ისინი ასე დააკლდათ. მინდა, რომ ყველამ ერთად გავიზიაროთ იმ მეუღლეების, შვილებისა და მშობლების ტვირთი, რომლებმაც მათი ცხოვრების უძვირფასესი ადამიანები დაკარგეს. მინდა, რომ ყველას ვაჩვენოთ, თუ როგორ ვამაყობთ მათით! მინდა მთელი ჩვენი სიცოცხლე და საქმიანობა მივუძღვნათ მათ და სადაც არ უნდა ვიყოთ, ვიცხოვროთ ისე, რომ მათაც ეამაყოთ ჩვენით.
მე ყოველთვის ვამბობ, რომ გიორგი ანწუხელიძე არის ქართული გმირობის, ქართული გაუტეხელობის ნამდვილი სიმბოლო, იმ საქართველოს სიმბოლოა, ლამაზის, ვაჟკაცურის, რომელსაც დამპყრობლები ზურგზე ახტებიან, მაგრამ მაინც ვერ აჩოქებენ. მაგრამ ახლა მინდა მის დედაზე, ქალბატონ ლილიზე გითხრათ ის, რაც აქამდე არასდროს მითქვამს. როდესაც მას პირველად შევხვდი, პირადად მე ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მაგრამ იგი არ ტიროდა. მან მითხრა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ამიერიდან საქართველოს გასაძლიერებლად გავაკეთებთ, იქნება გიორგის პატივისცემა და დაფასება. მისი ერთადერთი თხოვნა იყო ის, რომ დავხმარებოდი მათი სანათესაოს რამდენიმე წევრს, რომლებსაც ქართულ არმიაში სამსახური სურდათ. ეს ხდება მაშინ, როდესაც იგი უმძიმესი სოციალური გაჭირვების ფონზე გლოვობდა მისი ცხოვრების უდიდეს დანაკარგს; ეს ხდება მაშინ, როდესაც, როგორც შემდეგ გავარკვიე – იმიტომ, რომ თვითონ არ მითხრა - საკუთარი სახლიც კი არ ჰქონდა და ახლობლებს იყო შეკედლებული...
ერი ყალიბდება მისი გმირებისა და წარსულების ხსოვნით, მათთან კავშირით. ერს აყალიბებენ ის დედები, რომლების სამშობლოს გმირებს უზრდიან",-განაცხადა სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1032
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია