დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკომ სამი საჩივარი არ დააკმაყოფილა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/28 19:00:03
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკოში შესული სამი საჩივარი სამართლიანი საფუძვლის არ არსებობის გამო არ დააკმაყოფილა.
ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო ორგანიზაცია "მწვანე დედამიწისა" და პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" საჩივრები განიხილა.
სადამკვირვებლო ორგანიზაცია "მწვანე დედამიწის" საჩივრის თანახმად, კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისნის #76-ე საარჩევნო უბნის კენჭისყრის კაბინაში განახორციელა ფოტოგადაღება. მან საარჩევნო ბიულეტინს გადაუღო ფოტო, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელ Fაცებოოკ-ზე განთავსდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ცესკოს უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოსთხოვა. ამასთან, "მწვანე დედამიწა" #76-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვდა. აღნიშნული საჩივარი ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა სამართლებრივი საფუძველის არარსებობის გამო არ დააკმაყოფილა, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის მოთხოვნა განუხილველი დატოვა.
რაც შეეხება "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" წარდგენილ საჩივრებს, ერთ-ერთი საჩივრით, პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელი ირაკლი ჭყოიძე ცესკოსგან უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ბრიფინგთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვდა. კერძოდ, ირაკლი ჭყოიძის საჩივრის თანახმად, დავით საგანელიძის ბრიფინგზე ფონად იყო პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის ბილბორდი და ნომერი. ცესკოს იურიდიული სამსახურის განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაში ბანერის და პლაკატის კადრში მოხვედრა დარღვევად ვერ ჩაითვლება და ცესკომ ირაკლი ჭყოიძის საჩივარი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო არ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" კიდევ ერთ საჩივარს, ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელი ირაკლი ჭყოიძე ცესკოსგან პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვდა. საჩივრის თანახმად, პრემიერმა საკუთარი არჩევანი გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით გაასაჯაროვა. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის განმარტებით, პრემიერ-მინისტრს აგიტაცია კენჭისყრის შენობაში არ გაუწევია, რის გამოც აღნიშნული საჩივარი ასევე სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო არ დაკმაყოფილდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია