დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ხურჩის ინციდენტზე გამოძიების განახლებას მიესალმება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/23 17:30:03
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" შსს-ს მხრიდან ე.წ. ხურჩის ინციდენტზე გამოძიების განახლებას მიესალმება და იმედი აქვს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ობიექტურად, ყველა პროცესუალური ნორმის დაცვით წარიმართება.
ე.წ. ხურჩის ინციდენტის გამოძიების განახლებასთან დაკავშირებით ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დანაშაულის დამკვეთები გამოავლინოს.
"ადამიანის უფლებათა ცენტრმა იმთავითვე კრიტიკულად შეაფასა ტერაქტის ოფიციალური ვერსია. 2008 წლის 22 მაისს ხურჩაში ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის დამკვირვებლები ჩავიდნენ, რომლებმაც ინციდენტის ადგილი გაეროს სადამკვირვებლო მისიის სამხედრო ექსპერტ ანდრეს ტრენბორგთან ერთად შეისწავლეს. ისინი ასევე გაესაუბრნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს. ჩატარებული კვლევის შედეგად დამკვირვებლებს ბევრი კითხვა გაუჩნდათ, კერძოდ: სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული უშიშროების თანამშრომლები სროლის დაწყების დროს უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ ან ძალიან მალე მივიდნენ და საპასუხო ცეცხლი გახსნეს. უმოკლეს ხანში მათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. სოფელი ხურჩა დემილიტარიზებულ ზონაში მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული სამხედრო დანაყოფები იქ არ არიან განლაგებულები. ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ დიდი რაოდენობით ტელეჟურნალისტები, რომლებსაც ფაქტობრივად წინასწარ დადგმული მედიაშოუ უნდა გადაეღოთ. გარდა ამისა, ენგურს გაღმიდან გადმოყვანილი ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე კი არ წაიყვანეს, არამედ სტადიონზე, სადაც უამრავი ჟურნალისტი იმყოფებოდა. ყუმბარები ქართველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო ნასროლი უმოკლესი მანძილიდან. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა რეკომენდაციით მიმართეს მაშინდელ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაეწყო ძირეული და დამოუკიდებელი გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და დაედგინა აფეთქებაში მონაწილე პირები. ეს თემა ასევე მოხვდა სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებში, მათ შორის ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ანგარიშში. სამწუხაროდ, მიმართვებსა და ანგარიშებზე შსს-ს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხერხდა ხურჩის ინციდენტის გადაფასება", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" იმედოვნებს, რომ "მსგავსი პროვოკაციები და ინციდენტები წარსულს ჩაბარდა, მით უფრო - არჩევნების დღეს".
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, შსს-მ ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ბრალი ედებათ 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, შსს-ს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ტერორისტული აქტის ორგანიზება და განხორციელება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება შექმნა, ასევე ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია