დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვაჟა ბერიძე – ბიძინა ივანიშვილისგან ხელფასი ორჯერ, მისი მრჩეველთა საბჭოს წევრობისას ავიღე
ავტორი:
2013/ოქტომბერი/22 10:30:03
ექსპერტთა კლუბი, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი გუშინ საუბრობდა, მისი მრჩეველთა საბჭო იყო, რომელშიც 13 ექსპერტი შედიოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ განუცხადა.
რაც შეეხება ექსპერტთა კლუბს, ბერიძის ინფორმაციით, კლუბი არის საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელშიც სხვადასხვა საჭირბოროტო პრობლემების განსახილველად ექსპერტები იკრიბებიან, თუმცა ხელფასები არ გაიცემა.
ამასთან, ვაჟა ბერიძეს არ აქვს ინფორმაცია, ეხმარებოდა თუ არა ექსპერტთა კლუბს ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით, თუნდაც ოფისის ქირის გადახდაში.
"მე ხელფასი ავიღე, როდესაც ვიყავი ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი. საუბარია 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერზე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის პერიოდზე, როდესაც მე მიმიწვიეს და ორი თვის განმავლობაში ვიყავი მრჩეველთა საბჭოს წევრი. შესაბამისად, მქონდა ხელფასი ისევე, როგორც სხვა მოწვეულ ექსპერტებს. მრჩეველთა საბჭოში დაახლოებით 12-13 კაცი იყო. ხელფასის რაოდენობა კი იყო 5 000 ლარი. ეს ხელფასი მე ავიღე ორჯერ, როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრმა. როგორც ექსპერტთა კლუბის წევრს, ხელფასი არ ამიღია", - განაცხადა ვაჟა ბერიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "პოლიტიკის დროში" საუბრისას გუშინ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი ექსპერტთა კლუბში ერთადერთი იყო, ვინც ხელფასზე უარი თქვა.
"გიორგი მოდის ზუსტად იგივე განცდით _ ვალდებულების გრძნობით, როგორც მე. მასზე ერთ მაგალითს მოვიყვან მხოლოდ – როდესაც ექსპერტთა კლუბი მყავდა და მათ ხელფასს ვუხდიდი, რაც იცის საზოგადოებამ, გიორგი ერთადერთი კაცი იყო, რომელმაც ხელფასზე უარი თქვა, მე მყოფნის ჩემი ხელფასიო და მის გარეშეც ვგრძნობ ვალდებულებასო, თუმცა ეს სხვებს ჩრდილს არ აყენებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1155
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია