დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - დაკანონებული ქურდები იყვნენ მხოლოდ შევარდნაძის დროს და არიან მხოლოდ ივანიშვილის დროს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/11 10:30:02
საქართველოს პრეზიდენტს ქუთაისის #2 საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის თვითმკვლელობის ვერსია აეჭვებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ სენაკში განუცხადა.
ქუთაისის 16 წლის გოგა ძველაიას ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილის მამისგან მიიღო.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, გოგა ძველაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება მარიამობას, პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა, რადგან წვრილმანი დანაშაულის გამო იყო გასამართლებული და ციხეს ამჯერადაც მალე დატოვებდა, ვინაიდან გირაო ჰქონდა შეფარდებული.
პრეზიდენტის შეფასებით, გოგა ძველაიას ოჯახი პატიოსანი შრომით ირჩენს თავს და შვილს გირაოს თანხა მალე შეუგროვა.
"ბიჭს ჰქონდა კონფლიქტი ციხეში დაბრუნებულ მაყურებლებთან. ჩხუბისას მაყურებელი დაემუქრა, რომ მას მოკლავდა, თუ კიდევ ერთხელ მოხვდებოდა იმავე ციხეში. ამის შესახებ მან დაწერა განცხადება ცალკე საკანში მოთავსების შესახებ. ჩემ დროს ქურდები და მაყურებლები ციხეში აღარ იყვნენ. მინდა, მათ გასაგონად ვთქვა, ვისაც სინდისი არ აქვს და დღედაღამ ლაპარაკობს, რომ ხალხს სისხლს წოვდნენ ციხეებში. ჯალათი და ადამიანის უფლების დამრღვევი ფსიქოლოგიის ადამიანები შეიძლება ყველა მთავრობის დროს იყვნენ. მთავარია, მთავრობა რა რეაქციას მოახდენს. ციხის ადმინისტრაციაში შეიძლება იყოს შეპარული კრიმინალური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანი, მაგალითად, ისეთი, როგორიც ბედუკაძეა. დაკანონებული ქურდები და მაყურებლები იყვნენ მხოლოდ შევარდნაძის დროს და არიან მხოლოდ ივანიშვილის დროს - ჩემ დროს ისინი არ იყვნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციამ გარდაცვლილის ოჯახს უთხრა, რომ საკანში გადაღებულ ვიდეომასალაში ხარვეზებია. პრეზიდენტს საეჭვოდ ეჩვენება ის, რომ კამერას ზუსტად მაშინ ჰქონდა ხარვეზი, როდესაც ეს მოხდა.
"ჰკითხეთ საკუთარ თავს ჯეჯილობდნენ თუ არა ქურდები სააკაშვილის დროს და არიან თუ არა ივანიშვილის დროს, ისევე, როგორც შევარდნაძის დროს, დაბრუნდნენ თუ არა ისინი ციხეში. ფაქტია, რომ მაყურებელთან ჰქონდა ჩხუბი, დაწერა განცხადება, მომკლავენ და რამდენიმე საათში კლავენ. ჩვენ დროსაც ციხეში ხდებოდა ბევრი უბედურება, მაგრამ ჩემი პრეზიდენტობისას ქურდები და მაყურებლები ციხეს არ მართავდნენ. ეს ხალხი უკან დაბრუნდა. ამაზე მეტი საშინელება არ შეიძლება მოხდეს. შეიძლება ბევრი საშინელება ხდებოდა, მაგრამ სადისტი სისხლისმსმელი ბედუკაძის მიერ გავრცელებული კადრები რომ დადგმული იყო, ყველამ იცის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ხელისუფლება "კანონიერ ქურდებს" ხელს აფარებს. პრეზიდენტი მთავრობას მოუწოდებს, რეალობას შეხედონ და "კრიმინალების გაჯეჯილება" არ დაუშვან.
"ეს დიდი ტრაგედიაა და რა თქმა უნდა, გამოსაძიებელია. იქამდე გეგუთის ციხის უფროსის დავალებით ქურდებმა პატიმარი მოკლეს და თქვეს, რომ თვითონ გადმოვარდა. ამ შემთხვევაში კი თქვეს, რომ თავი მოიკლა. ეს ძალიან საეჭვოა. ფაქტია, რომ ჩვენ დროს ქურდები ალაგებდნენ საკანს და ერთმანეთს ურჩევდნენ საქმეს, ახლა კი ციხეებს ხელმძღვანელობენ. მინისტრი აქ არაფერ შუაშია. მთავრობამ ხელი არ უნდა დააფაროს ამ ყველაფერს. მინისტრი ვინ არის, საერთოდ არის თუ არა ქმედუნარიანი, რამეზე პასუხი აგოს, ეს კაცი გინახავთ ტელევიზორში? როგორ შეიძლება ამ კაცზე სერიოზული საუბარი. მივმართავ პრემიერ ივანიშვილს, რადგან ეს ხდება მისი მთავრობის დროს. როდესაც ჩემი მთავრობის დროს ჩემდა უნებურად, ჩემგან დაუკითხავად ეს ხდებოდა, მე ავიღე პასუხისმგებლობა და საბოლოო ჯამში, ამომრჩეველმაც დაგვაკისრა ამაზე პასუხისმგებლობა. მზად ვარ, მთავრობასთან ერთად კიდევ ერთხელ ავიღო პასუხისმგებლობა, რომ ციხეებში ქურდები აღარ დავაბრუნოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია