დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვანო მერაბიშვილი - მთავარი პროკურატურა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას აგრძელებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/09 14:30:03
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი 26 მაისის საქმეზე სასამართლო განხილვის დაწყების გადავადებას "ლოგიკურ ახსნას" ვერ უძებნის და აღნიშნულს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთად აფასებს.
მერაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი საქართველოს პროკურატურისა და მართლმსაჯულების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებას ცდილობს.
"სამწუხაროდ, საქართველოს მთავარი პროკურატურა განაგრძობს საქართველოს ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას და საკუთარი თავის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას. აღნიშნული უწყების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, მოითხოვეს "26 მაისის" საქმეზე სასამართლო განხილვის დაწყების გადავადება, რის გამოც ამ საქმეზეც, ისევე როგორც "გირგვლიანის საქმეზე" სასამართლო პროცესები ნოემბრის დასაწყისშია ჩანიშნული (5 და 6 ნოემბერს). აღსანიშნავია, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც სასამართლომ 2 კვირით გადადო პროცესი, ამჯერად ეს ვადა 20 დღით გახანგრძლივდა, რაც არანაირ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება.
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ამოცანას წარმოადგენს ჩემი პატიმრობაში ყოფნა მაქსიმალურად შესაძლებელი ვადით, რაც გულისხმობს ბრალის წაყენებიდან 9 თვეს. სწორედ ამიტომ, პროკურატურის წარმომადგენლები ითხოვენ იმ საქმეებზე განხილვების დაწყების გადადებას, რომლებშიც არც ღირებული მოწმე ჰყავთ და არც მტკიცებულებები გააჩნიათ, რის გამოც,სასამართლო პროცესი მოკლე ვადებში გამამართლებელი განაჩენით დასრულდება. სწორედ ამიტომ, მათ არ მოითხოვეს განხილვების დაწყების გადავადება "სოციალური აგენტების" საქმეზე, სადაც მოწმეთა აბსურდული რაოდენობა - 3969 მოწმე - იძლევა საშუალებას გაიწელოს სასამართლო პროცესი განუსაზღვრელი ვადით.
მინდა ვუთხრა პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი გადაწყვეტილება, გამოიყენოს საქართველოს პროკურატურა და მართლმსაჯულება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, არის სამარცხვინო და დიდ ზიანს აყენებს როგორც ამ კონკრეტულ უწყებას, ასევე ზოგადად ქართულ სახელმწიფოებრიობას. მსგავსი სამარცხვინო საქციელი, როგორიც არის სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისთვის პოლიტიკური დავალებების მიცემა და მათი შესრულების იძულება, უხერხულ და დამამცირებელ მდგომარეობაში აყენებს ამ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებზეც დღეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დგას", - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა.
ამასთან, პარტიის დაკავებული გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, "თავი დაანებოს ამ ადამიანების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას და საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ამ მეთოდებით ბრძოლას".
"ეს, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას აყენებს ზიანს", - აცხადებს მერაბიშვილი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია