დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გარემოს დაცვის კომიტეტი 2014 წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი სამინისტროს დაფინანსებით უკმაყოფილოა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/08 19:30:02
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან შენიშვნები აქვს. კომიტეტი შესაბამისი სამინისტროს დაფინანსებით უკმაყოფილოა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტი 23 000 000 ლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 2 300 000 ლარით გაზრდილია, კომიტეტის შეფასებით, აღნიშნული ვერ იქნება განხილული როგორც ბიუჯეტის ზრდა, რადგან 2013 წელს სამინისტროს ახალშექმნილი საქვეუწყებო დაწესებულების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანხები გათვალისწინებული იყო არასრული წლისთვის.
"ჩვენი გათვლებით, იმისათვის, რომ სამინისტრომ შეძლოს ფუნქციების შესრულება, 2014 წლის ბიუჯეტმა მინიმუმ 28 000 000 ლარი უნდა შეადგინოს. როგორც ცნობილია, 2013 წელს შეიქმნა საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და სსიპ-ეროვნული სატყეო სააგენტო, რომელთაც აქტიურად დაიწყეს საქმიანობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რის შედეგადაც გამოვლინდა მრავალი უკანონო ქმედება. თუმცა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, არსებული ადამიანური რესურსი არასაკმარისია და ხელს უშლის ამ ორგანიზაციების სრულყოფილ ფუნქციონირებას. მაგალითისთვის, კახეთის რეგიონში ინსპექტირებას ახორციელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთი მობილური ჯგუფი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ამ საკითხს აქტიურად აყენებს, რაც ასახულია მის მიერ წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადში. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს მოთხოვნა გათვალისწინებული არ არის. ცალკე საკითხია ინსპექტორებისა და ტყის მცველების დაბალი ხელფასები, რაც რისკის შემცველია კორუფციის თვალსაზრისით. აუცილებლად მიგვაჩნია, ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნა და გამოყოს ასიგნებები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 56 და ეროვნული სატყეო სააგენტოს 44 საშტატო ერთეულით გაზრდისთვის", - ნათქვამია 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დასკვნაში.
გარდა ამისა, კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოთხოვნილ 28 მილიონ ლარში არ შედის რეინჯერების, მეტყევეების და ინსპექტორების ხელფასების ზრდა, რაც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია. მათი შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ტყის მოვლა-აღდგენის, ტყითსარგებლობის, ტყის აღრიცხვა ინვენტარიზაციის და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების სრულყოფილი დაფინანსება.
"მიგვაჩნია, რომ სამინისტროს მიერ მოთხოვნილი 4 მლნ ლარი არ შეესაბამება რეალურად გასატარებელი ღონისძიებების მოცულობას, თუმცა როგორც ვხედავთ, ფინანსთა სამინისტრომ ეს მაჩვენებელიც კი პრაქტიკულად გაანახევრა, რაც დაუშვებელია. ფინანსთა სამინისტრო ხშირად აპელირებს 2013 წელს არსებული ნაშთით. ამასთან დაკავშირებით უნდა მოგახსენოთ, რომ ნაშთი გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაქციები შეიქმნა დაგეგმილთან შედარებით გვიან და შესაბამისად 2013 წელს მათვის გამოყოფილი ასიგნებების ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა, რაც 2014 წლის ბიუჯეტის შემცირებისთვის არგუმენტად ვერ გამოდგება", - აცხადებს გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია