დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა დავით უსუფაშვილს წერილით მიმართავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/08 14:00:03
დედაქალაქის მერი გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს წერილობით მიმართავს. მერიის მიერ გაგზავნილ წერილს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ :
"როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტს წარუდგინა "საქართველოს 2104 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც, მომავალ წელს ქ. თბილისისათვის გამოსაყოფი ტრანსფერის მოცულობა 2013 წელთან შედარებით, სრულიად დაუსაბუთებლად, შემცირებულია 50,0 მლნ ლარით. ტრანსფერის შემცირება განხორციელდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საკუთარ ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით.
ჩვენს მიერ გამოთქმული პრეტენზიების საპასუხოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან მივიღეთ სრულიად აბსურდული არგუმენტები, რომელთა მიხედვითაც განხორციელდა დედაქალაქის სტატუსის კოეფიციენტის და შესაბამისად ტრანსფერის მოცულობის შემცირება.
გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ არგუმენტებს, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ მიიღეს გადაწყვეტილება ქ. თბილისისათვის 2014 წელს შეემცირებინათ ტრანსფერი 50.0 მლნ ლარით.
ქ. თბილისის 2013 წლის ბიუჯეტის მოცულობა შეადგენს არა 704.0 მლნ ლარს, როგორც ეს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, არამედ 740,0 მლნ ლარს და აქვე განვმარტავთ, რომ 2013 წელს ქ. თბილისის საკუთარი შემოსავლები განისაზღვრება არა 218,7 მლნ ლარით, არამედ 740.0 მლნ ლარით და მათ შორისაა ის გათანაბრებითი ტრანსფერიც, რომელიც სახელმწიფო ბიჯეტიდან გამოეყოფა ქ. თბილისის ბიუჯეტს. ცნობისათვის თვითმმართველობის საკუთარი შემოსავლები განსაზღვრულია მოქმედი საბიუჯეტო კოდექსით და არა ფინანსთა მინისტრის რომელიმე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტრანსფერის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ქ. თბილისის მერიის მხრიდან თანხების ათვისების შეფერხებას ასახელებს. გვინდა საქართველოს მთავრობისა და თქვენი ყურადღება გავამახვილოთ სახელმწიფო ბიუჯეტის ანალოგიურ მაჩვენებელზე, რომელიც 8 თვის მონაცემების მიხედვით მინიმუმ 600,0 მლნ ლარია და მხოლოდ იმიტომ არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდა, რომ პრობლემებია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებაში. რაც შეეხება თბილისის ბიუჯეტის დეპოზიტზე არსებულ თანხებს, ამ თანხების უდიდესი მოცულობა დაკონტრაქტებულია და მათი მომავალი წლის ბიუჯეტში სხვა მიზნებისათვის გამოყენება შეუძლებელი იქნება და ეს კარგად უნდა იცოდეს ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა. ასევე, ავღნიშნავთ, რომ როგორც ჩვეულებრივი საბიუჯეტო პრაქტიკა გვიჩვენებს საკასო ხარჯების 35-40% სწორედ მეოთხე კვარტალში გაიწევა, ხოლო თბილისის ბიუჯეტის ათვისების წლიური მაჩვენებელი 2010-2012 წლებში 95-99%-ია.
ამასთან, გაუგებარია რის საფუძველზე ვარაუდობს ფინანსთა სამინისტრო 2014 წელს თბილისის შემოსავლების ზრდას. მაგალითისთვის, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში შესამჩნევად იზრდება მხოლოდ ერთი საბიუჯეტო პარამეტრი და ეს არის ფასიანი ქაღალდების გამოშვება ანუ სახელმწიფო ვალის ზრდა. ამ შემთხვევაში თბილისი ნამდვილად არ აპირებს ვალების ზრდის ხარჯზე გაზარდოს ბიუჯეტის მოცულობა.
ქ. თბილისის მერია მიესალმება მაღალმთიანი რეგიონების დაფინანსების ზრდას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს უმჯობესი იქნებოდა მომხდარიყო ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის კვალობაზე და არა დედაქალაქის სტატუსის კოეფიციენტის დაკნინების ხარჯზე, რომელიც უკანასკნელ პერიოდამდე შესაბამისობაში იყო ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში თბილისის წილთან და დედაქალაქზე დაკისრებულ განსაკუთრებულ ფუნქციებთან. აქვე გაცნობებთ, რომ არასწორია ფინანსთა სამინისტროს მტკიცება იმის შესახებ, თითქოს მთლიანი ტრანსფერის მოცულობიდან 50%-ზე მეტი გამოყოფილია თბილისისათვის, რადგან სახელწიფო ბიუჯეტში რეგიონებისთვის, თბილისისაგან განსხვავებით, გარდა გათანაბრებითი ტრანსფერისა გათვალისწინებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები, რაც 2013 წელს 400,0 მლნ ლარს შეადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტრომ ტრანსფერის შემცირებისას საერთოდ არ გაითვალისწინა მიმდინარე წელს სხვადასხვა დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯები, გასულ წლებთან შედარებით, ჯამში 100,0 მლნ ლარით გაზარდა. მათ შორისაა: დასუფთავების ფიქსირებული ტარიფის შემოღება - 20,0 მლნ ლარი; საბავშვო ბაღებში უფასო სწავლება - 20 მლნ ლარი; მუნიციპალური ტრანსპორტის ავტო-პარკის განახლება - 30,0 მლნ ლარი; ავარიული კორპუსების გამაგრება - 30,0 მლნ ლარი;
განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს "თბილისი-2015" ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მომზადებისათვის საჭირო ხარჯები - 70,0 მლნ ლარი, რომლის დაფინანსებასაც ცენტრალური მთავრობა მხოლოდ 6,5 მლნ ლარით აპირებს და დანარჩენ ფინანსურ ვალდებულებებს თბლისის ბიუჯეტს აკისრებს.
ქ. თბილის მერია გაგებით ეკიდება ქვეყნის ეკონომიკაში და სახელმწიფო ბიუჯეტში არსებულ რთულ მდგომარეობას, თუმცა გულისტკივილით აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა გადაწყვეტილება დედაქალაქის ტრანსფერის განსაზღვრის შესახებ მიღებული ყოფილიყო თბილისის მერიასთან კონსულტაციების შედეგად, რაც ნორმალური საბიუჯეტო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია.
ბატონო დავით, იმედს გამოვთქვავთ საქართველოს პარლამენტი გაგებით მოეკიდება ჩვენს თხოვნას და პარლამენტში 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მხარს არ დაუჭერს ქ. თბილისისათვის ტრანსფერის 50,0 მლნ ლარით შემცირებას", -ნათქვამია დედაქალაქის მერის წერილში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 957
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია