დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - სახელმწიფო ცხელ გულზე გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/07 23:30:03
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვას.
როგორც ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, თეა სიჭინავას გადაცემაში "პოლიტიკის დრო" განაცხადა, სახელმწიფო ცხელ გულზე გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს.
"ჩვენთვის ახალი არ არის, რომ რუსეთის მხრიდან დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების მიმართ არ შეცვლილა, მიხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფომ გადადგა არაერთი სწორი ნაბიჯი იმისკენ, რომ ნორმალიზაცია დაიწყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. ეს პოლიტიკა, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალმა მთავრობამ დაიწყო, არ არის ერთდღიანი პოლიტიკა და ეს პოლიტიკა არ შეიძლება შევცვალოთ, გარკვეული ეპიზოდური ნაბიჯების მიუხედავად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნების გამოცდა, იმ პოლიტიკის გამოცდა, რომლის განხორციელება ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო. შედეგად, ჩემი აზრით, ჩვენი მოწინააღმდეგე უფრო დაზიანებულია დღეს, ვიდრე საქართველო. საქართველო ჩანს, როგორც პოლიტიკურად მოწიფული სახელმწიფო და ჩანს, რომ საქართველო ერთგულია რეალურად რეგიონალური უსაფრთხოების. საქართველო ჩანს, როგორც ქვეყანა, რომელიც მიუხედავად პროვოკაციებისა, ვერ გადაუხვევს იმ გზიდან, რაც ქართველმა ხალხმა განუსაზღვრა. ეს არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, საქართველო ამ პოლიტიკის განხორციელებაში მარტო არ არის და საქართველოს ჰყავს ყველაზე სოლიდური მეგობრები მსოფლიოში.
"რაც შეეხება კონკრეტულად, ოლიმპიადას, ჩვენ ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების პოზიცია გააჟღერა, რომ ჩვენ დავაკვირდებით როგორ განხორციელდება მომავალ დღეებში, თვეებში რუსეთის ფედერაციაში ოლიმპიადის სამზადისი და არ გამოვრიცხავ, რომ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებაზე. თუმცა მთავარი ამოცანაა, თუ რატომ დგამს რუსეთი ამ ნაბიჯებს. ჩემი აზრით, მათ უნდათ საქართველო წარმოაჩინონ როგორც ემოციური, იმპულსური, შეუმდგარი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სხვა საშუალება, გარდა იმისა, ემოციურად მიიღოს გადაწყვეტილება ბოიკოტის გამოცხადების კუთხით და ეს გამოცდაც და ეს ტესტიც უნდა გავიაროთ. აქედან გამომდინარე, ცხელ გულზე არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს და გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ინტერესების მიხედვით მივიღოთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, ეროვნულ ინტერესებში არ შედის, რომ საქართველო წარმოჩნდეს, როგორც იმპულსური სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებში არ შედის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დავკარგოთ.
"თქვენ ხედავთ ბოლო პერიოდში რა მოვლენები განვითარდა ჩვენს ირგვლივ, იგივე ჩვენს სამეზობლოში. როგორ აგრესიულად აპირებს რუსეთი ჩვენი რეგიონის სხვადასხვა სახელმწიფოების ჩართვას ევრაზიული კავშირის მხარდასაჭერად. ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ჩვენ ევროატლანტიკურ სივრცეში, ევროპაში ვილნიუსის სამიტამდე გვჭირდება სივრცე, რომ წარმოვაჩინოთ საქართველო, როგორც შემდგარი ქვეყანა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ ხელისუფლების ამოცანაა, მოწინააღმდეგეს სამხედრო თუ პოლიტიკური ესკალაციის არანაირი საბაბი არ მისცეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია