დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ახალგაზრდა ადვოკატებმა" კვლევა "რწმენისა და აღმსარებლობის შესაძლებლობა საქართველოში" ჩაატარა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/06 17:30:02
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" კვლევის "რწმენისა და აღმსარებლობის შესაძლებლობა საქართველოში" პრეზენტაცია და თემაზე სადისკუსიო მრგვალი მაგიდა გამართა. ორგანიზაციამ წარმოადგინა სარეკომენდაციო პაკეტი საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების რედაქტორების მიმართ, სადაც რელიგიურ კონფესიებს შორის ტოლერანტული გარემოს შექმნისთვის საჭირო მოქმედებების აუცილებლობაზეა საუბარი.
როგორც "ახალგაზრდა ადვოკატებში" აცხადებენ, ორგანიზაციამ კვლევაში ფართოდ წარმოაჩინა ცოტა ხნის წინ, ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროსა და ბოლოს უკვე, 2013 წლის 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი სირთულეები. კვლევის ავტორთა შეფასებით, ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროსა და ჭელაში მოვლენებმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული აზრისა და მოთხოვნილებების მიმართ, ამ შემთხვევაში, რელიგიური უმცირესობების მიმართ, შეუწყნარებელი დამოკიდებულება, ანტაგონისტური გარემო, რომლის აღმოფხვრასაც, სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდება.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სოფელ ჭელაში, მანამდე კი ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში, უხეშად დაირღვა მუსლიმთა უფლებები.
"არასათაანდო ძალის გამოყენებით, ადგილი ჰქონდა მორწმუნეების ფიზიკურ შეურაცხყოფასაც. მუსლიმი მრევლის მიმართ სხვადასხვა შემთხვევების დროს განხორციელებული მუქარის, რელიგიური რიტუალისთვის ხელშეშლის, მათი დევნის ფაქტებს არც ერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაც ზრდის შესაძლებლობას, ინციდენტების განმეორების შემთხვევაში, ანტაგონისტურად განწყობილ ადამიანებში ძალადობის წახალისება გამოიწვიოს. ამასთან, შესაძლებელია, ასეთმა "დაუსჯელობის სინდრომმა" მუსლიმთა შევიწროვების პერიოდულ ხასიათს მყარი საფუძვლები შეუქმნას. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მუსლიმი მრევლის რელიგიური თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვისა და დისკრიმინაციის ფაქტებიდან, ჭელას შემთხვევა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის მთავარი შემთხვევა იყო", - ნათქვამია კვლევაში.
"ახალგაზრდა ადვოკატები" სარეკომენდაციო პაკეტს შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ინსტიტუციებს 7 ოქტომბერს გადაუგზვანის.
"რაც შეეხება რეკომენდაციებს, პირველი რეკომენდაცია ეხება საპატრიარქოს. მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ გააძლიეროს ინტერრელიგიური ჯგუფის მუშაობა, რომელიც სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს შორის გააღრმავებს ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს წარმოშობილი პრობლემების ეფექტურ გადაჭრას და საყურადღებო საკითხების მიმართ, უზრუნველყოფს მრევლის ინფორმირებას. ასევე, საქართველოს ეკლესიამ უნდა გააძლიეროს მრევლის სამოქალაქო განათლების ამაღლებაზე ზრუნვა და იმავდროულად, კარგად იქნეს შეფასებული, საერო და სასულიერო პირთა ურთიერთჩაურევლობა ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფო კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხებიდან და არ რეგულირდება საეკელსიო სამართლით დადგენილი წესებითა და მოქმედებებით", - ნათქვამია კვლევაში.
"ახალგაზრდა ადვოკატები" კი მთავრობას მოუწოდებენ, რომ უზრუნველყოს თანაზომიერი, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ ლახავს მოქალაქეთა რელიგიურ გრძნობებს და სრულად იცავს რწმენისა და აღმსარებლობის კონსტიტუციურად გარანტირებულ უფლებას.
"საქართველოს მთავრობის ვალდებულებას წარმოადგენს, უზრუნველყოს ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებლობის საკითხის დასმა 2012 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და 2013 წლის აგვისტოს რელიგიურ ნიადაგზე წამოჭრილ დავებში, ყველა კანონდამრღვევი პირის გამოვლენის მიმართულებით. დაუშვებელია შერჩევითი დამოკიდებულება, რომელიც, პრობლემის განმუხტვით, ვერ უზრუნველყოფს საკითხზე სამართლიანობის აღდგენას. ამასთან, მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა აღარ მოხდეს, კონკრეტულ რეგიონებში რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევა, რათა აღარ მოხდეს ისეთი დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც უკვე ადგილი ჰქონდა განხულულ უთხივე შემთხვევაში", - ნათქვამია კვლევაში.
აღნიშნულ თემებზე "ახალგაზრდა ადვოკატები" რეკომენდაციით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარლამენტს, სასამართლოსა და მასობრივი მედიასაშუალებების რედაქტორებსაც მიმართავენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია