დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/06 10:00:03
სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტით პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტომ მიმართა. სანქციები და თავისუფლების აღკვეთის ვადები იზრდება კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ მუხლებზე, როგორიცაა: გაუპატიურება (მუხლი 137), სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება (მუხლი 138), სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება (139), სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან (მუხლი 140) და გარყვნილი ქმედება (მუხლი 141).
გაუპატიურებასთან დაკავშირებული დანაშაული დღეს 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, აღნიშნულ ქმედებზე სანქცია 6-დან 8-წლამდე იზრდება, ხოლო 8-დან 10-წლამდე, 10-დან 13-წლამდე და 15-დან 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება აღნიშნული მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
კოდექსის 138-ე მუხლი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას ეხება, რაც თავის მხრივ გულისხმობს მამათმავლობას, ლესბოსელობას ან სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტს გაუკუღმართებული ფორმით, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. სადღეისოდ აღნიშნული დანაშაულთან მიმართებაში გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-დან 6-წლამდე. შსს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, სანქცია 6-დან 8-წლამდე იზრდება. ამასთან, იგივე ქმედების განმეორების და დანაშაულში დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, თავისუფელბის აღკვეთის ზომა იქნება 8-დან 10-წლამდე, 10-დან 13-წლამდე, 15-დან 20-წლამდე (საუბარია 138-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებზე).
2-დან 3-წლამდე იზრდება სანქცია სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულებაზე. აღნიშნულ დანაშაულში იგულისხმება სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბიანობის ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების, ან ქონებრივი დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით. პროექტის თანახმად, 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს აღნიშნული ქმედების არასრულწლოვანის მიმართ ჩადენა.
სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სადღეისოდ ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3-წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3-წლამდე. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი, ამ დანაშაულისთვის სანქცია 5-დან 7-წლამდე პატიმრობა იქნება.
კიდევ ერთი მუხლი, რომელთან მიმართებაში სანქციის გაზრდაა დაგეგმილი, გარყვნილი ქმედებაა. ეს განიმარტება როგორც ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შსს-ს კანონპროეტის თანახმად, სანქცია ამ დანაშაულზე იქნება თავისუფლების აღკვეთა, ვადით 5-დან 7 წლამდე.
"კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ზედმეტად ლიბერალური მიდგომა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სანქციების სახესა და ზომასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ წარმოიშვა აუცილებლობა, გამკაცრებულიყო თითოეული დანაშაულისთვის გათვალისწუინებული სანქცია", - განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია