დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო კალანდაძე - ხელისუფლების დამოკიდებულება ევროსასამართლოში წარსადგენ მოსამართლეების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით საგანგაშოა
ავტორი:
2017/აგვისტო/25 16:30:02
”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნინო კალანდაძე ხელისუფლების დამოკიდებულებას ევროსასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით ”საგანგაშოს” უწოდებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კალანდაძემ განუცხადა, ამ პროცესში ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური მოტივით შეარჩიოს კანდიდატები.

”ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი სასაცილოც აღარ არის, საგანგაშოა. უკვე მერამდენედ დაიწუნა ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები სტრასბურგმა, რადგან აშკარად იკვეთება ჩვენი ხელისუფლების განწყობა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული კანდიდატები წარადგინოს. ეს არის სტრასბურგისთვის პრინციპულად მიუღებელი. ეს არის სურათი, რომელსაც სტრასბურგი ეწინააღმდეგება უკვე მერამდენე თვეა. მე არ მახსენდება სხვა ქვეყნები, რომელსაც მსგავსი პრაქტიკა ჰქონდეს, რომ ამდენი ხნის მანძილზე ვერ მოახერხოს ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომელსაც სტრასბურგი დააკმაყოფილებს. ჩვენ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ სტრასბურგში ღირსეული მოსამართლეების წარდგენა არის ქვეყნის იმიჯი”, - განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტს, კალანდაძის შეფასებით, ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს სამოქალაქო საზოგადოების აზრი და მაინც წარადგენს იმას, ვისაც თვითონ მიიჩნევს მიზანშეწონილად.

”ეს პროცესი უკიდურესად აზიანებს ქვეყნის იმიჯს. იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც მოხერხდება მეტ-ნაკლებად კვალიფიციური კადრების შერჩევა, რათა ამჯერად მაინც სტრასბურგმა არ დაიწუნოს კანდიდატები”, - განაცხადა კალანდაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ხვალ, სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით გასაუბრებები გაიმართება. სპეციალური სამთავრობო კომისია 8 პრეტენდენტს გაესაუბრება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 28 კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 21 იურისტია (ბაკალავრიატის დონე და ზევით).

მათივე ცნობით, კომისიამ შეაფასა კონკურსის ფარგლებში შესული განაცხადების პირველადი გადარჩევის შედეგები და გადაწყვიტა, რომ ხვალინდელ გასაუბრებაზე მიიწვიოს:
ირაკლი ადეიშვილი − შპს „ჯეოსელის“ უფროსი იურისტი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი, სასამართლო მედიატორი, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2016);
თამარ ალანია − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);

ნინო ბაქაქური − საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);
იოსებ ბაჩიაშვილი − სამართლის დოქტორი, მეცნიერი, უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);
კონსტანტინე ვარძელაშვილი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);
კონსტანტინე კორკელია − იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2016);
ოთარ სიჭინავა − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ფრანგული ენის სერტიფიკატი INSTITUT FRANCAIS-2017);
ლალი ფაფიაშვილი − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2017).


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 748
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია