დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები უმრავლესობას ერთობლივი განცხადებით პასუხობენ
ავტორი:
2017/აგვისტო/22 11:30:01
ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები უმრავლესობას ერთობლივი განცხადებით პასუხობენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”თავისუფალი საქართველოდან” აცნობეს, პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო უმრავლესობისგან მიიღეს შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა პარტიათა პოზიციას კონსტიტუციური რეფორმის საკითხზე.

მათივე ცნობით, ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა უმრავლესობის შეკითხვას ერთობლივი განცხადებით უპასუხეს.

”ინტერპრესნიუსი” წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

”ბატონო არჩილ, თქვენი შეკითხვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა კონსტიტუციის შესწორების პროექტის საკითხზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოსაზრებებს, გვსურს გაცნობოთ შემდეგი:

როგორც მოგეხსენებათ, კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ მუშაობა განაახლა 2016 წლის ნოემბრის თვეში. საბჭოს ფორმატი ითვალისწინებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთიანი ხედვების ჩამოყალიბებას და ამ მიმართულებით ინიციატივების შემუშავებას.

საბჭომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში გამოაქვეყნა და საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტს და დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინა მის მუშაობაში მონაწილე 15 პოლიტიკური პარტიის მიერ ხელმოწერილი წინადადებათა პაკეტი.
საბჭოს ფორმატიდან გამომდინარე, ინიციატივა შეეხება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს და ითვალისწინებს კონსტიტუციური რეფორმის პროცესზე ხელმომწერი პარტიების პოზიციებს:

1. გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი (150 წევრი) არჩეულ იქნეს ერთიანი პროპორციული სიით (კონსტიტუციის 49-ე მუხლი). მანდატები უნდა განაწილდეს დონტის ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს მანდატების პროპორციული წესით განაწილებას.

2. შემცირდეს ბარიერი 5%-დან 3%-მდე (კონსტიტუციის 50-ე მუხლი).

3. შენარჩუნდეს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა (კონსტიტუციის 50-ე მუხლი).

4. შენარჩუნებული უნდა იქნეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი (კონსტიტუციის 70-ე მუხლი).

რაც შეეხება არასაარჩევნო თემატიკას, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას პოზიციებს გააცნობენ ინდივიდუალურ რეჟიმში.

აქვე აღსანიშნავია, რომ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, სამართლებრივი თვალსაზრისით, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, კონსტიტუციური შესწორების პროექტს მხარი დავუჭიროთ ან მის წინააღმდეგ მივცეთ ხმა საქართველოს პარლამენტში. იმავდროულად, პოლიტიკური მხარდაჭერის ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმის გათვალისწინებით, გაიზიარებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა ჩვენს მიერ დასახელებულ საკითხებს”, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები:

1. ”ახალი მემარჯვენეები”
2. ”ახალი ქრისტიან-დემოკრატები”
3. ”გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა”
4. ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”
5. ”ევროპელი დემოკრატები”
6. ”ეროვნული ფორუმი”
7. ”თავისუფალი საქართველო”
8. ”თავისუფლება”
9. ”ლეიბორისტული პარტია”
10. ”ტრადიციონალისტთა კავშირი”
11. ”ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 702
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია