დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ბენიძე - მისასალმებელია, რომ ოპოზიციის მხრიდან ჩამოყალიბდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია
ავტორი:
2017/აგვისტო/21 13:00:01
მისასალმებელია, რომ ოპოზიციის მხრიდან ჩამოყალიბდა მთავარ საკვანძო საკითხთან - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განუცხადა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, ცნობილი გახდეს მმართველი პარტის პოზიცია თუ რას ეუბნება ის საზოგადოებას და ოპოზიციას, რომელიც ერთიანია.

„კონსტიტუციის პროექტში ძალიან ბევრ საკითხზე გვაქვს კრიტიკული მოსაზრება, მაგრამ მთავარი და ყველაზე გადამწყვეტია საარჩევნო სისტემის საკითხი. ეს ის თემაა, რომელზეც ოპოზიციურ სპექტრში არსებობს სრული კონსენსუსი. თითქმის მიღებული იყო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ, ამ საკითხზე ვენეციის კომისიის და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც იყო პოზიტიური შეფასებები და გაუგებარია, მმართველი პარტიის პოზიცია და ის, თუ რატომ უნდა გადავავადოთ სისტემის ცვლილება, ანუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 7 წლით“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესში ცვლილებას, მიხეილ ბენიძის განცხადებით, შესაძლოა, ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში კონსენსუსი არ იყოს.

„პრეზიდენტის არჩევის წესი ასევე აქტუალურია, ჩვენ არ ვეთანხმებოდით წესის ცვლილებას და ვფიქრობთ, რომ ამის აუცილებლობა არ არის. რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ბევრ სხვადასხვა საკითხზე შეჯერდეს პოზიციები, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესი იქნება თუ ქორწინების განსაზღვრის საკითხი, ამის შესახებ შეთანხმება კარგი იქნება. მაგრამ შედეგზე ორიენტირების კუთხით რომ შევხედოთ, შესაძლოა, რთული იყოს ბევრ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა, რადგან შეიძლება ბევრ საკითხზე თავად ოპოზიციაშიც არ იყოს ერთიანი პოზიცია. პირველი რიგის საკითხად მნიშვნელოვანია, განიხილოს საარჩევნო სისტემა და თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, მერე შეიძლება წარდგენილი იყოს სხვა მოსაზრებები“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მისი თქმით, ISFED-ს ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რაიმე აქტივობა დაგეგმილი არ აქვს, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს და მათ შორის, პოლიტიკური პარტიების მხრიდან იქნება სურვილი, ორგანიზაცია მზად არის ჩაერთოს განხილვებში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 712
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია