დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით, კანონში ახალი მუხლები შევა, რომელიც ადვოკატთა საქმიანობას უკეთ მოაწესრიგებს
ავტორი:
2017/აგვისტო/21 09:00:02
გვინდა გავაძლიეროთ ადვოკატთა ინსტიტუტი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი გარანტი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კომიტეტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ბესელიამ აღნიშნა, რომ ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით კანონში ახალი მუხლები შევა, რომელიც ადვოკატთა საქმიანობის უკეთ მოაწესრიგებს.

„ამ ცვლილებებით ჩვენ ვცდილობთ, კანონში ახალი მუხლები შევიტანოთ, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით არის მოწოდებული და ის ეხება პროფესიაში შესვლას, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების ვადებს, პროცედურებს. ანუ არის საკითხები, რომელიც ადვოკატთა საქმიანობის უკეთეს მოწესრიგებას უკავშირდება. ეს იქნება ძალიან კარგი ცვლილებები, რომლითაც ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ადვოკატთა პროფესიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გასვლითი შეხვედრა, რომელიც ქობულეთში მიმდინარეობს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით იმართება. შეხვედრის მონაწილეები დღეს მსჯელობენ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პრინციპებზე, ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდასა და ასოციაციაში გაწევრიანებაზე, საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე, ეთიკის კომისიასა და დისციპლინური დევნის განხორციელებაზე, ასევე დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესზე.

ღონისძიებაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და თავმჯდომარის მოადგილეები ვანო ზარდიაშვილი და დავით მათიკაშვილი, კომიტეტის წევრები გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი და აპარატის თანამშრომლები, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (PROLoG) წარმომადგენლები მონაწილეობენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 725
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია