დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უილიამ კორტნი - დასავლეთის სუსტმა რეაქციამ საქართველოში რუსეთის შეჭრაზე, კრემლს აფიქრებინა, რომ 2014 წელს უკრაინაში აგრესია ადვილად გაუვიდოდა
ავტორი:
2017/აგვისტო/18 09:30:02
რუსეთის აგრესიამ საქართველოსა და უკრაინაში დაასამარა იმის პერსპექტივა, რომ რუსეთი ოდესმე შეძლებს დასავლეთის დარწმუნებას ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განახლებაში, - ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ კორტნიმ განუცხადა. მისი თქმით, დასავლეთის სუსტმა რეაქციამ საქართველოში რუსეთის შეჭრაზე, კრემლს აფიქრებინა, რომ 2014 წელს უკრაინაში აგრესია ადვილად გაუვიდოდა.

”ეს ასეც მოხდა ყირიმის შემთხვევაში, რასაც სისხლისღვრა არ მოჰყოლია, მაგრამ განსხვავებული იყო აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე გამოხმაურება, რასაც სამხედრო დაუმორჩილებლობა მოჰყვა და დიდი მსხვერპლი მოიტანა შედეგად. რუსეთის აგრესიამ საქართველოსა და უკრაინაში დაასამარა იმის პერსპექტივა, რომ რუსეთი ოდესმე შეძლებს დასავლეთის დარწმუნებას ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განახლებაში. დასავლეთს მიაჩნია, რომ გაეროს ქარტია, 1990 წლის პარიზის ქარტია და ეუთო უზრუნველყოფს ზუსტ პრინციპებს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს პრინციპები არ გულისხმობს მეზობლებზე ძალის გამოყენების უფლებას საკუთარი „პრივილეგირებული ინტერესების“ დასაკმაყოფილებლად”, - განაცხადა კორტნიმ.

მისივე თქმით, 2008 წლის შემდეგ, საქართველომ, რუსული აგრესიის მსხვერპლის რანგში გაზრდილი საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა.
”რადგან საქართველომ ცხინვალი დაბომბა ომის დასაწყისში, ამან ეს მონაპოვარი ცოტა არ იყოს უფრო დაჩრდილა. უკანასკნელ წლებში, საერთაშორისო თანამეგობრობამ დადებითად აღიქვა საჯარო განცხადებები რუსეთთან მიმართებით და განსაკუთრებით საქართველოს მიერ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ძიების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლება რუსეთს ხშირად პროვოცირებას უხდენდა დაუბალანსებელი საჯარო განცხადებებით”, - განაცხადა კორტნიმ.

კითხვაზე, რა მომავალი აქვს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსმ, აშშ-ის ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ ამის პროგნოზირება რთულია.
”ბევრია დამოკიდებული რუსეთში პოლიტიკური მდგომარეობის განვითარებაზე და იმაზე, თუ რამდენად შეეცდებიან რუსეთის ლიდერები ადგილობრივი პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზებას ნაციონალისტური სენტიმენტებით, ან მეზობლების დაშინებითა თუ კრიტიკით”, - აღნიშნა კორტნიმ.

რაც შეეხება პუტინის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში, კორტნის თქმით, პუტინის ვიზიტი ხაზს უსვამს მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთზე კონტროლი შეინარჩუნოს, მიუხედავად რუსეთის დაღმავალი საერთაშორისო რეიტინგისა.

”კრემლი შეიძლება იმედგაცრუებული იყოს იმის გამო, რომ დამოუკიდებლად მოაზროვნე აფხაზები თავიანთი ქვეყნისთვის დამოუკიდებელი იდენტობის შენარჩუნებას ესწრაფვიან. ამ შემთხვევაში, რუსეთი შესაძლოა შეეცადოს აფხაზეთის ანექსიას, ისე როგორც ეს ყირიმში მოხდა”, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 700
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია