დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვანო მერაბიშვილი პრემიერის განცხადებებს ეხმაურება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 12:30:04
ვანო მერაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის 25 სექტემბრის განცხადებებს ეხმაურება. "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის გამოხმაურება "ფეისბუქში" მის გვერდზე გავრცელდა.
მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის და საქართველოს ზრდის ტემპებზე საუბრისას მოძველებული მონაცემებით სარგებლობს.
"მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ ორ განცხადებას - საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით უფრო ღარიბია, ვიდრე სომხეთი; საქართველო ზრდის ტემპით უკანასკნელ ადგილზეა რეგიონში.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ აშკარად მოძველებული მონაცემებით სარგებლობთ, ვინაიდან როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ასევე მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო უკანასკნელი წლების განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით უსწრებს სომხეთის რესპუბლიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საიტებზე შეგიძლიათ იხილოთ და შეადაროთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მონაცემები რუსეთის, უკრაინის ან თურქეთის მონაცემებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2004-2012 წლებში რუსეთის ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა იყო 4,43%, უკრაინის 3,01%, ხოლო თურქეთის 5,05%, მაშინ როდესაც საქართველოში ანალოგიური მაჩვენებელი, 2008 წლის ომის შედეგების მიუხედავად, 6,1%-ს შეადგენდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით ეს მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება - რუსეთი 4,43%, უკრაინა 3,07%, თურქეთი 5,05%, ხოლო საქართველო 6,18%.
აქვე გეტყვით, რომ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სხვებთან შედარებით გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, იყო აზერბაიჯანი, რაც, ძირითადად, განაპირობა ამ ქვეყანაში ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების ამოქმედებამ და ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ.
აქვე დაგეთანხმებით, რომ ეკონომიკური მდგომარეობის მთავარი მაჩვენებელი არის ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი და ამ მაჩვენებლით საქართველო მკვეთრად ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობასაც კი. მაგრამ უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში საქართველომ აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი - ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი 900-დან 3500 დოლარამდე გაიზარდა და თუ ეს ზრდა შენარჩუნდა, ჩვენს ქვეყანას მართლაც ექნება შანსი, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი", - აცხადებს მერაბიშვილი.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული განცხადებები ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობასა და საქართველოს ზრდის ტემპებთან დაკავშირებით 25 სექტემბერს ექსპერტებთან შეხვედრისას გააკეთა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 999
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია