დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგამოძიებო კომისია ტელეკომპანია "ალანიას" საკითხზე მსჯელობს
ავტორი:
2013/სექტემბერი/25 16:00:03
ტელეკომპანია "ალანიას" "ობიექტივის" სიხშირეზე გასვლა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაშინდელი ხელმძღვანელის დიმიტრი ქიტოშვილის სიტყვიერი განკარგულებით მოხდა.
ტელე-რადიო ანძასა და ტელევიზიებს შორის ურთიერთობებზე, მათ შორის "ალანიას" მაუწყებლობის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დღეს ტელე-რადიო ანძის ტექნიკურმა დირექტორმა ბორის ადამიამ მიაწოდა.
"ტელეკომპანია "ალანიასთან" ტელე-რადიო ანძას არანაირი ხელშეკრულება არ დაგვიდია, რადგან როგორც ქიტოშვილი აცხადებდა, ეს ქვეყნის უშიშროების საკითხს ეხებოდა და ჩვენც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უშვებდით მათ სიგნალს. ანძის მომსახურებისთვის ტელეკომპანია ქირას არ იხდიდა, მხოლოდ 2010 წლიდან, მას შემდეგ რაც ხმა მივაწვდინეთ მაშინდელ შს მინისტრს, ივანე მერაბიშვილს, "ალანიამ" მათი გადამცემისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდა დაიწყო", - განმარტა ბორის ადამიამ კომისიის სხდომაზე.
გარდა ამისა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბათუმში მოქმედ საკაბელო კომპანიების თემასაც მიუბრუნდა. დღევანდელ საჯარო განხილვაზე, კომისიის წევრებმა შპს "მინდას" დამფუძნებელს და დირექტორს რამაზ მახაჭაძეს მოუსმინეს. მისი ინფორმაციით, საკაბელო კომპანიას შპს "ტვ 21" მსგავსად, მარეგულირებელ კომისიასთან პრობლემები 2010 წლიდან დაეწყო. აღნიშნულ პერიოდში კომუნიკაციის ეროვნული კომისიიდან გახშირდა შემოწმებები და სანქციები, რასაც თან ერთვოდა უშიშროების მაღალჩინოსნების ზეწოლა ოპოციზიური არხების გამორთვის მოთხოვნით.
როგორც მახაჭაძემ განმარტა, კომისიის წევრი გიორგი რატიშვილი კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის დავალებით საკაბელო ტელევიზიას არხების ყიდვას მის მიერ შერჩეული კომპანიებიდან სთავაზობდა, 2011 წლისთვის კი სპორტული არხების ყიდვა უკვე GMG-დან იქნა მოთხოვნილი.
"2011 წლის აპრილის დასაწყისში ბათუმში მოქმედი სამი საკაბელო კომპანიის წარმომადგენლები თბილისში შევხვდით ირაკლი ჩიქოვანს, რათა გაგვერკვია მართლა მისი დავალებით მოქმედებდა თუ არა გიორგი რატიშვილი. ირაკლი ჩიქოვანმა ყურადრებით მოგვისმინა, ჩაიწერა ჩვენი მონაცემები და ღიმილით დაგვემშვიდობა, რასაც მოყვა 21 აპრილს რატიშვილის ბათუმში ჩამოსვლა და ისევ შემოწმება", - განაცხადა მახაჭაძემ.
მისივე ინფორმაციით, მარეგულირებელი კომისიის გახშირებული ზეწოლის ფონზე კომპანიების ხელმძღვანელებმა ერთი ფირმის "ბათუმი მედია ჯგუფის" (BMG) შექმნის გადაწყვეტლება მიიღეს, რათა კომისიის უკანონო ქმედებებს ერთობლივი ძალებით განმკლავებოდნენ. აღნიშნულმა კომპანიამ დამფუძნებლების წილობრივი მონაწილეობით რამდენიმე თვე იფუნქციონირა, რადგან 2011 წლის 27 სექტემბერს კომპანიის სამივე პარტნიორს იძულებითი წესით საკუთარი წილები უშიშროების სამსახურთან დაკავშირებულ ჯაბა დობორჯგინიძეზე გაასხვისებინეს, რომელმაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, აღნიშნული წილი ასევე უშიშროებასთან დაკავშირებულ პირს, დავით შარაშიძეს 100 ლარად დაუთმო.
დღეს საგამოძიებო კომისიის წევრებმა ბათუმში მოქმედ კიდევ ერთ საკაბელო კომპანია "ერას" წარმომადგენლებსაც მოუსმინეს. შპს "ერა"-ს დამფუძნებლის მერაბ მეტრეველის განცხადებით, კომისიის საჯარო სხდომებზე მისი კომპანიის მისამართით არაერთი ცრუ ბრალდება გაჟღერდა თითქოს და "ერა" მარეგულირებელი კომისიის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა და ფინანსური სანქციები არ ეკისრებოდა.
"ერას" პირველი დაჯარიმება 9 ათასი ლარით 2009 წელს მოხდა, მიზეზად კი საავტორო უფლებების დარღვევა დასახელდა. 2010-2011 წლებში საკაბელო კომპანია თითქმის ყოველთვე ჯარიმდებოდა, რასაც მოყვა საკაბელო ქსელში GMG ჩართვა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 2011 წლის ზაფხულში "ერამ" GMG-თან 2.6 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა", - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.
პარლამენტის საგამოძიებო კომისია სხდომას ხვალაც გამართავს, სადაც საჯარო მოსმენა მთლიანად "ალანიასთან" დაკავშირებულ საკითხების დაეთმობა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია